ახალშობილის პირველ დღეებს უამრავი ახალი გამოცდილება მოაქვს. ზოგჯერ შეიძლება ყველაფერი უცნაურად მოგეჩვენოთ - უცნაური სუნთქვა, ხშირი გაღვიძება, ტირილი, ფერის ცვლილებები ან სხვადასხვა მოძრაობა.

ამ დროს ბუნებრივია, რომ გაგიჩნდეთ კითხვა: „ნეტავ, ეს ნორმალურია?“ სასიხარულო ამბავია, რომ ახალშობილების ბევრი თავისებურება სრულიად ბუნებრივი და დროებითია. ამავე დროს, არსებობს ნიშნებიც, რომლებიც ექიმის ყურადღებას საჭიროებს.

თუ ეჭვი გეპარებათ, ყოველთვის სჯობს პედიატრთან დაკავშირება, ვიდრე ლოდინი.

✅ პირველ დღეებსა და კვირებში ბევრი რამ სრულიად ბუნებრივია. მაგალითად:

  • ბავშვი ხშირად იღვიძებს ღამით;
  • ზოგჯერ მხოლოდ ხელში ყოფნა უნდა;
  • აცემინებს;
  • ასლოკინებს;
  • კვების შემდეგ მცირე რაოდენობით რძეს ამოაყოლებს;
  • ძილში შეკრთება;
  • ზოგჯერ სუნთქვა ხანმოკლე პერიოდებით უფრო სწრაფია, შემდეგ კი ნელდება;
  • სხვადასხვა დღეს განსხვავებულად ჭამს ან სძინავს.

ეს ყველაფერი უმეტეს შემთხვევაში განვითარების ნორმალური ნაწილია.

👩‍⚕️ აუცილებლად დაუკავშირდით პედიატრს, თუ:

  • ახალშობილს აქვს 38°C ან უფრო მაღალი ტემპერატურა (რექტალურად გაზომილი);
  • უჭირს სუნთქვა, სუნთქავს ძალიან სწრაფად ან კანი ლურჯდება;
  • უარს ამბობს კვებაზე ან ძალიან სუსტად წოვს;
  • ძალიან ძნელად იღვიძებს;
  • აქვს განმეორებითი ძლიერი ღებინება;
  • მნიშვნელოვნად შემცირდა სველი საფენების რაოდენობა;
  • ჭიპლარის ირგვლივ გაუჩნდა სიწითლე, შეშუპება ან ჩირქოვანი გამონადენი;
  • განუვითარდა ძლიერი სიყვითლე ან სიყვითლე გავრცელდა ფეხებამდე;
  • მუდმივად, გაუჩერებლად ტირის და მისი დამშვიდება ვერ ხერხდება.

თქვენ ყველაზე ხშირად აკვირდებით შენს და დროთა განმავლობაში მის ჩვევებსაც ყველაზე კარგად გაიცნობთ. თუ გრძნობთ, რომ ბავშვი ჩვეულებრივად არ იქცევა ან რაღაც გაწუხებს, არ შეგეშინდეთ ექიმთან დაკავშირების. ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ყველაფერი კარგადაა - და ეს კარგი ამბავია.

❣️ დაიმახსოვრეთ: შეუძლებელია, მშობელმა ყველაფერი იცოდეს. კითხვების დასმა, ეჭვის გაჩენა და რჩევის თხოვნა მშობლობის ბუნებრივი ნაწილია. არ ხართ ვალდებული, ყველა პასუხი თავად გქონდეთ ან მოიძიოთ. როდესაც რაღაც გაწუხებთ, დახმარების თხოვნა საუკეთესო გადაწყვეტილებაა - საკუთარი სიმშვიდისთვისაც და პატარის ჯანმრთელობისთვისაც.