თუ თქვენი პატარას სახეზე პაწაწინა, წითელი ან ვარდისფერი გამონაყარი შეამჩნიეთ, ნუ შეშფოთდებით — ეს ძალიან გავრცელებული და სავსებით ნორმალური მოვლენაა, რომელსაც ახალშობილთა აკნეს უწოდებენ.
ეს არის დროებითი და უვნებელი კანის მდგომარეობა, რომელიც დაახლოებით ყოველ მეხუთე ჯანმრთელ ახალშობილში გვხვდება. ის გამონაყარის სახით ვლინდება — პაწაწინა, წითელი ან ვარდისფერი, ოდნავ ამობურცული წერტილები, რომლებსაც ზოგჯერ თეთრი ან მოყვითალო თავები აქვა. ყველაზე ხშირად ჩნდება ლოყებზე, ცხვირზე, შუბლსა და ნიკაპზე, ხანდახან თავზე ან კისერზეც.
საშუალოდ, ახალშობილთა აკნე მეორე კვირიდან ჩნდება, თუმცა ზოგიერთი ჩვილი მასთან ერთად იბადება ან ის პირველი თვის განმავლობაში უვითარდება.
რატომ ჩნდება აკნე?
- ორსულობისა და მშობიარობის დროს დედის ჰორმონები ბავშვის სისხლში გადადის და დროებით ააქტიურებს მის ცხიმის გამომმუშავებელ ჯირკვლებს;
- ცხიმის მომატებული გამომუშავება ბლოკავს პაწაწინა ფორებს, რომლებიც ჩვილის კანში ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის;
- ეს არაფერ შუაშია ბავშვის ჰიგიენასთან, კვებასთან ან ალერგიასთან — არც დედის რძე და არც კოცნა არ არის ამის მიზეზი.
✅ რას უნდა ველოდოთ და როგორ მოვუაროთ?
- უმეტეს შემთხვევაში, აკნე დამატებითი მკურნალობის გარეშე, თავისით გაივლის რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე პერიოდში და კვალს არ ტოვებს;
- საკმარისია ბავშვის სახის ნაზად დაბანა თბილი წყლით, დღეში ერთხელ;
- მოერიდეთ ცხიმიანი კრემებისა და ლოსიონების წასმას დაზიანებულ არეზე — ამან შეიძლება მდგომარეობა უფრო გაართულოს;
- არასდროს გამოადინოთ ან მოფხანოთ გამონაყარი, რადგან ამან შესაძლოა კანი გააღიზიანოს.
🧑⚕️ დავუკავშირდეთ პედიატრს, თუ:
- გამონაყარი რამდენიმე კვირაზე მეტ ხანს გრძელდება ან თანდათან უარესდება;
- გამონაყარი ფართოვდება ან ჩირქდება;
- ბავშვს გამონაყართან ერთად ერთვის სხვა ნიშნებიც — მაგალითად, ცხელება, უჩვეულო გაღიზიანება.







