თუ თქვენი ჩვილი თითქმის ყოველი კვების შემდეგ იღებს რძეს, თქვენს მხარზე, თავის სუფთა ტანსაცმელზე, ზოგჯერ ზედიზედ ორჯერაც კი ,— ადვილია ინერვიულოთ და იფიქროთ, რომ რაღაც წესრიგში არ არის ან არასწორად კვებავთ. თუმცა, ეს მოვლენა ჩვილის ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე ჩვეულებრივი რამ არის.

რა არის რეფლუქსი სინამდვილეში

პირის ღრუსა და კუჭს შორის არსებული მილი მცირე კუნთოვანი სარქველით არის დახურული. პატარა ჩვილებში ეს სარქველი ჯერ კიდევ მომწიფებული არ არის, რის გამოც რძე ადვილად ბრუნდება უკან. ექიმები ამას რეფლუქსს უწოდებენ; ასევე შეიძლება გაიგოთ ტერმინები „ამოღება“ ან „რეგურგიტაცია“.

უნდა იცოდეთ, რომ:

  • რეფლუქსი ძალიან გავრცელებულია. ის ემართება 1 წლამდე ასაკის 10 ჩვილიდან სულ მცირე 4-ს და ჯანმრთელი, დროული ჩვილების დაახლოებით ნახევარს.
  • ის ჩვეულებრივ იწყება მანამ, სანამ ჩვილი 8 კვირის გახდება.
  • შეიძლება მოხდეს ხშირად. ზოგიერთი ჩვილი დღეში ექვსჯერ ან მეტჯერ იღებს რძეს.
  • ის ჩვეულებრივ იშვიათდება ჩვილის ზრდასთან ერთად და 10-დან დაახლოებით 9 ჩვილში პირველ დაბადების დღემდე სრულად გადის.
  • მას ჩვეულებრივ არ სჭირდება არანაირი გამოკვლევა და მკურნალობა.
  • ის თანაბრად ხშირად გვხვდება როგორც ძუძუთი, ასევე ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებში. ეს არ არის გამოწვეული კვების მეთოდით.
  • ის ჩვეულებრივ იმაზე მეტი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ნერწყვში შერეული და თქვენს მხარზე მოხვედრილი რძე საგანგაშოდ გამოიყურება. თუ რეალური შედარება გსურთ, განზრახ დაისხით ერთი ჩაის კოვზი რძე მეორე მხარზე, მშობლების უმეტესობა აღმოაჩენს, რომ ჩვილმა ნაკლები ამოიღო ვიდრე გვგონია.

მცირე დეტალები, რაც შეიძლება დაეხმაროს ჩვილს რეფლუქსის შეჩერებაში

  • კვების შემდეგ გეჭიროთ ჩვილი ვერტიკალურად. იდეალურია, თუ მიიბჯენთ მხარზე, თქვენკენ სახით.
  • ნუ დააძალებთ ამოქარვებას (ამობოყინებას). თუ ჩვილმა დაახლოებით სამი წუთის შემდეგ არ ამოაქარვა, სავარაუდოდ, მას ეს არ სჭირდება. ზურგზე მსუბუქი ხელის წატყაპუნება სრულიად საკმარისია. ენერგიული ჯანჯღარი ჰაერთან ერთად რძესაც ამოიღებს.
  • კვების შემდგომ ფრთხილად მოეპყარით. ხტუნაობა და რწევა მოიცდის.
  • შეამოწმეთ, რომ ჩვილი ერთჯერადად იმაზე მეტს არ ჭამს, ვიდრე სჭირდება. შედარებით მცირე და ხშირი კვება ზოგჯერ უკეთესია ჩვილისთვის, ვიდრე დიდი ულუფები.
  • თუ ხელოვნურ კვებაზეა, ბოთლი ისე დაიკავეთ, რომ საწოვარას თავი მუდმივად რძით იყოს სავსე, და შეამოწმეთ, რომ ბოთლის ამოყირავებისას რძე წამში რამდენიმე წვეთის სიჩქარით წვეთავდეს. ძალიან პატარა ხვრელი აიძულებს ჩვილს ძლიერად წოვოს და ჰაერი გადაყლაპოს.
  • ყოველთვის დააძინეთ ჩვილი სწორ ზედაპირზე ზურგზე — არასოდეს მუცელზე ან გვერდზე, და არასოდეს შემაღლებულ ან გადახრილ პოზიციაში, რეფლუქსის დროსაც კი.

როდის უნდა მიმართოთ პედიატრს

  • ჩვილი ვერ იმატებს წონას მოსალოდნელი ტემპით;
  • ამოღება/ღებინება ხდება ძლიერი და შორს მტყორცნელი (შადრევნისებური ღებინება);
  • მასა არის მწვანე, მოყვითალო-მწვანე ან მასში სისხლია;
  • განავალში არის სისხლი ან აღენიშნება ხანგრძლივი დიარეა;
  • მუცელი შეშუპებული/დაბერილი ჩანს, ან ჩვილს აქვს სიცხე, შეუძლოდ არის ან უჩვეულოდ მთვლემარეა;
  • რძის ამოღება პირველად იწყება 6 თვის ასაკის შემდეგ, ან ისევ პრობლემად რჩება ჩვილის 1 წლის გახდომის შემდეგ.