როცა ბავშვის ყოველდღიურობაში ბევრი რამ იცვლება, მშობლებს ხშირად უჩნდებათ სურვილი, ძილისა და კვების მკაცრი გრაფიკი შეადგინონ. მაგრამ ამ ასაკში რუტინა სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წუთების სიზუსტით უნდა ხდებოდეს. რუტინა უფრო მეტად არის ნაცნობი თანმიმდევრობა, ვიდრე მკაცრი განრიგი. ბავშვისთვის სასიამოვნო და პროგნოზირებადია, როცა დღის განმავლობაში ნაცნობი მოვლენები დაახლოებით ერთნაირი თანმიმდევრობით მეორდება.
😴 რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?
4–11 თვის ასაკში ბავშვებს 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 12–16 საათი ძილი სჭირდებათ, დღის ძილების ჩათვლით. ინდივიდუალური საჭიროება კი ბავშვებს შორის განსხვავდება. ამიტომ მხოლოდ საათების დათვლა არ არის საკმარისი.
დააკვირდით ბავშვსაც:
- დღის განმავლობაში ენერგიული და ინტერესიანია?
- ასაკის შესაბამისად აქტიურობს და თამაშობს?
- ძილის წინ აშკარად იღლება?
- გაღვიძების შემდეგ ჩვეულებრივ ხასიათზეა?
ერთი დღის განსხვავებული ძილი თავისთავად პრობლემას არ ნიშნავს. ძილის რუტინა შეიძლება ძალიან მარტივი იყოს. მაგალითად, ძილის წინ ყოველთვის ერთი და იგივე თანმიმდევრობა:
ბანაობა → პიჟამა → ჩაბნელებული ოთახი → კვება → წიგნი/სიმღერა → ძილი. ან უბრალოდ: ჩაბნელება → ჩახუტება → კვება → ძილი.
არ არსებობს ერთი „სწორი“ რიტუალი. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა თანდათან ამოიცნოს: „ახლა ძილის დრო მოდის.“ AAP რეკომენდაციას უწევს ძილის წინ მშვიდი, განმეორებადი რუტინის შექმნას.
თუ რუტინა რამდენიმე დღით აირია, არ ინერვიულოთ. ავადმყოფობა, კბილების ამოჭრა, მოგზაურობა, სტუმრები, ახალი გარემო ან განვითარების ახალი ეტაპი შეიძლება დროებით აისახოს ძილზე. რამდენიმე განსხვავებული დღე არ ნიშნავს, რომ ბავშვს ძილის რეჟიმი „დაენგრა“. უბრალოდ, როცა შესაძლებლობა მოგეცემათ, დაუბრუნდით ნაცნობ თანმიმდევრობას.
💤 უსაფრთხო ძილიც რუტინის ნაწილია
1 წლამდე ბავშვი, ყოველი ძილისას დააწვინეთ ზურგზე, უსაფრთხო საძილე ზედაპირზე. საძილე სივრცეში არ უნდა იყოს ბალიში, მძიმე საბანი, ბამპერი, რბილი სათამაშო ან სხვა ნივთი, რომელმაც შეიძლება დაახშოს ბავშვის სასუნთქი ორგანოები და საფრთხის შემცველი იყოს.
☀️ დღის რუტინაც მნიშვნელოვანია
დღის განმავლობაში ეცადეთ, ბავშვს ჰქონდეს დაახლოებით ნაცნობი მონაცვლეობა: გაღვიძება → კვება → თამაში/აქტივობა → დასვენება/ძილი → ისევ აქტიური პერიოდი. არ არის აუცილებელი, ეს ყოველდღე ერთსა და იმავე საათზე მოხდეს. თუ ერთ დღეს ბავშვმა ჩვეულებრივზე გვიან გაიღვიძა ან ძილი უფრო დიდხანს გაგრძელდა, მთელი დღის „გასწორება“ არ არის საჭირო. რუტინა მოქნილი უნდა იყოს, რადგან ბავშვიც ყოველდღე ზუსტად ერთნაირი არ არის. CDC-ც აღნიშნავს, რომ ძილისა და კვების რუტინები ბავშვს ეხმარება იცოდეს, რას ელოდოს, ხოლო თანმიმდევრული ძილის დრო შეიძლება ძილის ორგანიზებას ამარტივებდეს.
🧸 თუ ბავშვს სხვა ადამიანი უვლის
ძილის რუტინის გადაცემისას კარგი იქნება, თუ მომვლელს ზუსტად საათებს კი არა, თქვენი ბავშვის ნიშნებსა და ნაცნობ რიტუალს გაუზიარებთ. მაგალითად: „როცა თვალებს ისრესს და ნაკლებად აქტიური ხდება, ჩვეულებრივ ძილი სჭირდება.“ ან: „ძილის წინ ოთახს ვაბნელებთ, ვეხუტებით და ერთსა და იმავე სიმღერას ვუსმენთ.“ ასეთი პატარა დეტალები ბავშვისთვის ნაცნობ გარემოს ქმნის, მაშინაც კი, როცა თქვენ მის გვერდით არ ხართ.
ბავშვს არ სჭირდება იდეალურად დაგეგმილი დღე. მას სჭირდება საკმარისი ძილი, უსაფრთხო გარემო და ნაცნობი, მშვიდი თანმიმდევრობა. შეგიძლიათ გქონდეთ თქვენი პატარა რიტუალები — ერთი სიმღერა, ერთი წიგნი, ჩახუტება, ოთახის ჩაბნელება. ეს პატარა განმეორებადი მოქმედებები ბავშვს ეუბნება: „მე ვიცი, რა ხდება ახლა. მე უსაფრთხოდ ვარ.“ და თუ დღეს ყველაფერი ზუსტად გეგმის მიხედვით არ გამოვიდა — ესეც სრულიად ნორმალურია. ❤️
როდის ღირს ექიმთან საუბარი?
თუ ბავშვს ხანგრძლივად აქვს ძილის მნიშვნელოვანი პრობლემა, ძალიან ხმამაღლა ხვრინავს, სუნთქვა უჩერდება/უჭირს ძილისას, უჩვეულოდ ძილიანია დღის განმავლობაში ან ძილის ცვლილებას სხვა ჯანმრთელობის სიმპტომებიც ახლავს, მიმართეთ პედიატრს.







