ამ პერიოდში, შესაძლოა ერთდროულად ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ემოცია იგრძნოთ. შეიძლება გიხაროდეთ სამსახურში დაბრუნება, საკუთარი საქმის გაგრძელება, კოლეგებთან ურთიერთობა და საკუთარი თავის იმ ნაწილის დაბრუნება, რომელიც დედობამდე გქონდათ. და ამავდროულად შეიძლება გენატრებოდეთ ბავშვი, გაწუხებდეთ დანაშაულის განცდა ან ფიქრობდეთ:

„იქნებ ძალიან პატარაა?“

„როგორ გავუმკლავდები ყველაფერს?“

„ბავშვს ხომ არ დავაკლდები?“

„სამსახურსა და დედობას ორივეს როგორ მოვასწრებ?“

ეს კითხვები სრულიად გასაგებია. სამსახურში დაბრუნება მხოლოდ სამუშაო გრაფიკის ცვლილება არ არის — იცვლება მთელი დღის რიტმი, ბავშვის მოვლის ორგანიზება და ხშირად საკუთარი თავის მიმართ მოლოდინებიც. მთავარია იცოდეთ: თქვენ არ გჭირდებათ ყველაფერთან იდეალურად გამკლავება პირველივე დღიდან.

შეიძლება პირველ დღეებში ყველაფერი ცოტა უცნაური იყოს

სამსახურში დაბრუნების შემდეგ თქვენც და ბავშვის ყოველდღიური რუტინაც შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეწყობოდეს.

შეიძლება:

  • დილით სახლიდან გასვლა ემოციურად რთული იყოს;
  • სამსახურში ყოფნისას ხშირად გაგახსენდეთ ბავშვი;
  • საღამოს ძალიან დაღლილი დაბრუნდეთ;
  • ბავშვის ნახვის შემდეგ ერთდროულად იგრძნოთ სიხარულიც და გადაღლილობაც;
  • თავიდან გაგიჭირდეთ სამუშაოზე კონცენტრირება;
  • ან პირიქით — გაგიხარდეთ, რომ კვლავ გაქვთ დრო თქვენი პროფესიისა და საკუთარი ინტერესებისთვის.

შეიძლება დანაშაულის განცდაც გაჩნდეს, ბევრი მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი სწორედ ეს არის: „მე სამსახურში ვარ, როცა ჩემი ბავშვი ჩემთან არ არის.“ მაგრამ ბავშვისთვის თქვენი სიყვარული მხოლოდ იმ საათების რაოდენობით არ განისაზღვრება, რამდენსაც მასთან ატარებთ. სხვა მზრუნველი ადამიანის არსებობა თქვენს ადგილს არ „იკავებს“. ბავშვს შეუძლია თქვენთან ჰქონდეს ძლიერი მიჯაჭვულობა და ამავდროულად უსაფრთხო ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან, ბებიასთან, ბაბუასთან, ძიძასთან ან სხვა მუდმივ მომვლელთან.

შეიძლება თქვენი დღის ორგანიზება უფრო რთული გახდეს

სამსახურში დაბრუნება ხშირად ნიშნავს, რომ ახლა ერთი დღის განმავლობაში რამდენიმე როლი უნდა მოასწროთ: სამსახური + ბავშვი + სახლი + საკუთარი თავი.

და სწორედ აქ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: აუცილებელია კი ყველაფრის ისე გაგრძელება, როგორც ბავშვის დაბადებამდე?

ალბათ არა.

შესაძლოა დაგჭირდეთ:

  • საოჯახო საქმეების გადანაწილება;
  • ბავშვის მოვლის პასუხისმგებლობების სხვებთან გაზიარება;
  • წინასწარ დაგეგმილი მარტივი კვება;
  • დილის რუტინის გამარტივება;
  • გარკვეული საქმეების დროებით გადადება;
  • პარტნიორთან უფრო მკაფიო შეთანხმება, ვინ რას აკეთებს.

ეს არ არის „ვერ გამკლავება“. ეს არის ახალი ცხოვრების ორგანიზება ახალი რეალობის შესაბამისად.

სამსახურში დაბრუნების შემდეგ შეიძლება თავიდან მოგეჩვენოთ, რომ ბავშვის ყოველდღიურობაში რაღაც გამოგრჩათ. მაგალითად, თქვენ შეიძლება აღარ იყოთ ის ადამიანი, ვინც დღის განმავლობაში ხედავს მის ყველა ძილს, კვებას, ახალ მოძრაობას თუ პატარა აღმოჩენას. თუმცა, სამსახურში დაბრუნება მხოლოდ დანაკარგების სია არ არის.

შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ:

  • კვლავ გსიამოვნებთ თქვენი პროფესია;
  • გჭირდებათ ზრდასრული ადამიანების გარემო;
  • გიხარიათ თქვენი პროფესიული შესაძლებლობების გამოყენება;
  • უფრო თავდაჯერებული ხდებით;
  • სამსახურისგან მიღებული ენერგია სახლში დაბრუნების შემდეგაც გეხმარებათ.
  • თქვენ შეგიძლიათ იყოთ ძალიან კარგი დედა და ამავდროულად გიყვარდეთ თქვენი საქმე.

და ბოლოს

ხშირად ბავშვის ადაპტაციაზე იმდენს ვფიქრობთ, რომ გვავიწყდება ერთი ადამიანი: საკუთარი თავი.

თქვენც გადიხართ ცვლილებას. ამიტომ ნუ ელოდებით საკუთარ თავთან, რომ პირველივე კვირიდან იქნებით: იდეალური თანამშრომელი; იდეალური დედა; იდეალური პარტნიორი; იდეალური დიასახლისი.. შესაძლოა ახლა თქვენი მიზანი უბრალოდ იყოს: „დღეს საკმარისად კარგად გავართვი თავი.“ და ეს ნამდვილად საკმარისია.