რვა თვის ასაკში თქვენი პატარა უკვე ნამდვილი პიროვნებაა: ცნობისმოყვარე, მიზანდასახული და თქვენზე უზომოდ შეყვარებული. ყველაფერზე მეტად მას მოძრაობა და სამყაროს შემეცნება სურს. თითოეული ბავშვი განვითარების გზას თავისი ტემპით გადის, ამიტომ ეს ტექსტი მიიღეთ როგორც რჩევა და არა როგორც სავალდებულო საკონტროლო სია.

„გთხოვ, ნუ დამტოვებ!“

დაახლოებით რვა ან ცხრა თვის ასაკში ბევრ ბავშვს სურს, რომ სულ თვალსაწიერში ჰყავდეთ. როდესაც ეს ასე არ არის, ისინი შესაძლოა შეწუხდნენ, იტირონ ან ოდნავ პანიკაშიც კი ჩავარდნენ. ამას განშორების შფოთვა ჰქვია და ეს ძლიერი, სიყვარულით სავსე მიჯაჭვულობის ბუნებრივი ნიშანია. ჩვეულებრივ დღეებში გეხმარებათ ის, რომ პატარა ახლოს გყავდეთ, ესაუბროთ საქმის კეთებისას და ოთახიდან ოთახში გადასვლისას თან წაიყვანეთ. როდესაც მისი დატოვება გიწევთ, დაუტოვეთ ისეთ ადამიანს, ვისაც კარგად იცნობს. ნაცნობ და მზრუნველ ადამიანთან ბავშვები ჩვეულებრივ რამდენიმე წუთში მშვიდდებიან.

ამ ასაკში ბევრი ბავშვი უცხო ადამიანებთანაც მორცხვია/უცხოობს. როგორც წესი, მათ უცხო ადამიანი კი არ აშინებთ, არამედ მასთან გადაჭარბებულად სწრაფი დაახლოება. მიეცით საშუალება თქვენს პატარას, ახალ ადამიანებს თქვენი მკლავებიდან ადევნოს თვალი და ნელ-ნელა, თავისი ტემპით შეეჩვიოს მათ.

პიროვნული თვისებები და თამაში

თქვენი პატარას ხასიათი უკვე მკაფიოდ ვლინდება. მან შეიძლება თავად წამოიწყოს თამაში და ხუმრობა, და ნათლად გამოხატოს, რა მოსწონს და რა — არა.

მათ ძალიან უყვართ „ტაში“, „ჭიტა“ და ბურთის გაგორება-გამოგორება; ასევე წინასწარ ხვდებიან, რა მოჰყვება ამა თუ იმ მოქმედებას.

ბევრ ბავშვს შეუძლია ნაჭრის ქვეშ დამალული სათამაშო მოძებნოს.

ბგერები, რომლებიც მეტყველებას ჰგავს

თქვენი პატარას ტიტინი ახლა ნამდვილი მეტყველებასავით აღმავალი და დაღმავალი ინტონაციებით ხასიათდება და შესაძლოა გამოჩნდეს ახალი ბგერები (მაგალითად, „ტ“ ან „ვ“).

ზოგიერთი ბავშვი „დედას“ ან „მამას“ უფრო ხშირად ამბობს მაშინ, როცა მამა ახლოსაა, ეს ბგერებისა და მნიშვნელობის დაკავშირების ადრეული ნიშანია.

ყურადღების მისაქცევად შესაძლოა იყვირონ კიდეც და ესმით „ნახვამდის“. ზოგიერთი ხელის დაქნევასაც იწყებენ.

მარჯვე თითები

თქვენს პატარას შეუძლია ორივე ხელში დაიჭიროს კუბიკი და ერთმანეთს დაარტყას.

იგი სწავლობს თითის გაშვერას / მითითებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცერისა და საჩვენებელი თითით ჩაჭერის („პინცეტისებრი ჩაჭერა“) უნარის ჩამოსაყალიბებლად, რაც ჩვეულებრივ 10-დან 12 თვემდე ასაკში ვითარდება.

ბევრ ბავშვს შეუძლია თითებითა და ცერით საკვების პატარა ნაჭრების მოგროვება.

მათ უყვართ ნივთების დაგდება და გადაყრა, ჭურჭლის ავსება და დაცარიელება.

მოძრაობაში

ამ ასაკში ბევრ ბავშვს შეუძლია რამდენიმე წუთის განმავლობაში მყარად ჯდომა და წინ გადახრა გადაყირავების გარეშე.

თქვენი პატარა შესაძლოა ოთხზე დადგეს, ქანაობდეს, ტრიალებდეს ან გორაობდეს სასურველი ადგილის მისაღწევად. ზოგიერთი იწყებს ხოხვას, ზოგჯერ თავდაპირველად უკუსვლით. ზოგიერთი ჯდომით გადაადგილდება, ზოგი კი ხოხვის ეტაპს საერთოდ ტოვებს. ეს ყველაფერი აბსოლუტურად ნორმალურია.

ზოგიერთი ბავშვი ავეჯზე დაყრდნობით ფეხზე წამოდგომასაც კი ცდილობს, შემდეგ კი უცბად ეცემა, რადგან ჯერ არ იცის, როგორ დაჯდეს.

ახლა სწორედ ის დროა, რომ სახლი ბავშვისთვის უსაფრთხო გახადოთ. ყურადღება მიაქციეთ კიბეებს, მახვილ კუთხეებს, წვრილ ნივთებს, სადენებსა და ნებისმიერ მსხვრევად ნივთს. არასოდეს დატოვოთ ბავშვი ოთახში მარტო და მეთვალყურეობის გარეშე.

კვება

რვა-ცხრა თვის ასაკში ბევრი ბავშვი მზადაა უფრო მსხვილი ტექსტურის საკვებისთვის: გახეხილის ან დაბლენდერებულის ნაცვლად წვრილად დაჭრილი საკვები, ასევე „ხელის საკვები“ (პატარა ნაჭრები, რომლებსაც ხელით იღებენ). თუ კბილი ჯერ არ ამოსვლია, ღრძილებს შეუძლია რბილი ნაჭრების დაღეჭვა. ჭამის დროს ყოველთვის იყავით ბავშვის გვერდით და მიჰყევით მის ტემპს.

რძე კვლავ ძალზე მნიშვნელოვანია კვებისა და სიმშვიდისთვის.

ძილი

რადგან ამ ასაკის ბავშვებს შეუძლიათ თავად შეიკავონ თავი დაძინებისგან და არ სურთ თქვენი გაშვება, დაძინების პროცესი შესაძლოა დროებით გაძნელდეს.

ღამით გაღვიძება კვლავ ხშირია. თუ დაძინება რთულად მიდის, ნუ იფიქრებთ, რომ სხვების ბავშვები ადვილად იძინებენ. ბევრს უჭირს და ეს სრულიად ნორმალურია

როდის მივმართოთ ექიმს

ბავშვები განვითარების ეტაპებს სრულიად განსხვავებულ ასაკში აღწევენ. გასაკვირი არ არის, თუ ბავშვი ჯერ კიდევ არ ხოხავს ან პირველ დაბადების დღეზეც კი მშვიდად ზის მოძრაობის გარეშე. თუ თქვენი პატარას განვითარებაში რამე გაშფოთებთ, გაესაუბრეთ თქვენს პედიატრს. უმეტეს შემთხვევაში, თქვენ დამშვიდდებით.