ბავშვის დაბადების შემდეგ ერთ-ერთი პირველი მაჩვენებელი, რომელსაც ექიმებიც და მშობლებიც აკვირდებიან, მისი წონაა.

სიცოცხლის პირველ დღეებში თითქმის ყველა ახალშობილი გარკვეულ წონას კარგავს. ამის მიზეზებია:

  • ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოყოფა;
  • ახალ გარემოსთან შეგუება;
  • კვების პროცესის თანდათანობით ჩამოყალიბება.

დროულად დაბადებული ჯანმრთელი ახალშობილისთვის დაბადების წონის დაახლოებით 5 - 10%-ის დაკარგვა პირველ დღეებში ნორმად მიიჩნევა.

უმეტეს შემთხვევაში, ბავშვი მე-3–5 დღიდან ნელ-ნელა იწყებს წონის მატებას, როდესაც კვება კარგად ყალიბდება და საკმარის რძეს იღებს.

✅ რა არის მოსალოდნელი?

  • 1–5 დღე: დაბადების წონის 5–10%-მდე კლება
  • 10–14 დღე: აღიდგენს დაბადების წონას
  • 5 თვე: დაბადების წონა დაახლოებით ორმაგდება
  • 12 თვე: დაბადების წონა დაახლოებით სამმაგდება.

ეს მხოლოდ საშუალო მაჩვენებლებია. ყველა ბავშვს საკუთარი ტემპი აქვს, ზოგი ბავშვი ცოტა ადრე, ზოგი კი უფრო გვიან აღწევს ამ ეტაპებს.

როგორც წესი, წონა ყოველდღე ერთნაირი სიჩქარით არ იმატებს. სხვადასხვა კვირაში მატების ტემპი ოდნავ განსხვავდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვი დროთა განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდეს და კარგად ვითარდებოდეს.

👩‍⚕️ ვუკავშირდეთ პედიატრს, თუ:

  • ბავშვმა დაკარგა დაბადების წონის 10%-ზე მეტი;
  • ორი კვირის ასაკშიც ჯერ კიდევ ვერ აღიდგინა დაბადების წონა;
  • ცუდად იკვებება ან უარს ამბობს კვებაზე;
  • დღეში მნიშვნელოვნად ნაკლები სველი საფენი აქვს;
  • წონის მატება შეჩერდა ან არასაკმარისია.

ასეთ შემთხვევაში პედიატრი შეაფასებს კვებას, ბავშვის ზოგად მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში შემდგომ ნაბიჯებს დაგეგმავს.