ბავშვთან ერთად სახლში დაბრუნება ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტია. სიხარული, პასუხისმგებლობა, დაღლილობა და უამრავი კითხვა - ყველაფერი ერთად მოდის.

თუ ზოგჯერ გგონიათ, რომ არ იცით, სწორად იქცევით თუ არა, იცოდეთ - ეს სრულიად ბუნებრივია. პირველ დღეებში თქვენც და პატარაც ახალ ცხოვრებას ეჩვევით.

რას უნდა ველოდოთ პირველ დღეებში?

ახალშობილის დღეები, როგორც წესი, ასე გამოიყურება:

  • ძილი დღეში 14-17 საათამდე (ხშირი გამოღვიძებებით);
  • კვება ყოველ 2-3 საათში ან მოთხოვნის მიხედვით;
  • ტირილი, როგორც კომუნიკაციის მთავარი გზა;
  • საფენის ხშირი გამოცვლა;
  • დღის და ღამის არეული რიტმი.

ბავშვის ყოველდღიური ქცევა შეიძლება დღიდან დღემდე შეიცვალოს. ეს განვითარების ბუნებრივი ნაწილია.

✅ რა არის სრულიად ნორმალური?

პირველ დღეებში ბევრი რამ შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა ნორმის ფარგლებში იყოს. მაგალითად:

  • ბავშვი ხშირად იღვიძებს ღამით;
  • ზოგჯერ მხოლოდ ხელში ყოფნა უნდა;
  • კვების შემდეგ შეიძლება მცირე რაოდენობით რძე ამოაყოლოს;
  • ხშირად აცემინებს;
  • სუნთქვა შეიძლება ხან სწრაფი იყოს, ხანაც შედარებით ნელი;
  • ზოგჯერ ძილში უცებ შეკრთება ან ხელ-ფეხს სწრაფად გაამოძრავებს (მოროს რეფლექსი).

პირველ დღეებში ბავშვს ყველაზე მეტად სჭირდება ხშირი ჩახუტება და ფიზიკური სიახლოვე, მშვიდი გარემო, თვალით კონტაქტი და საუბარი, კანით-კანთან კონტაქტი, როდესაც შესაძლებელია. თქვენთვის ეს შეიძლება უბრალო ყოველდღიური მოქმედებები იყოს, მაგრამ ბავშვისთვის ეს უსაფრთხოების, სიყვარულისა და სამყაროს გაცნობის პირველი გამოცდილებებია.

პირველი დღეები იდეალური არ არის, უფრო მეტიც ძალიან რთული და დამღლელია. თქვენ და პატარა ყოველდღე სწავლობთ ერთმანეთს. არ არსებობს “იდეალური” მშობელი, მაგრამ არსებობს მშობელი, რომელიც სიყვარულით ზრუნავს თავის შვილზე. და ეს უკვე საუკეთესო დასაწყისია.