თუ გეჩვენებათ, რომ პატარა მხოლოდ ჭამს, სძინავს და ისევ იღვიძებს - ეს სრულიად ნორმალურია.

პირველი კვირების განმავლობაში ახალშობილის ძილი შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს. ეს დროებითი ეტაპია. ნელ-ნელა ბავშვი ისწავლის დღის და ღამის გარჩევას, ხოლო თქვენ უკეთ გაიცნობთ მის ჩვევებსა და საჭიროებებს. სიცოცხლის პირველ კვირებში ახალშობილის ორგანიზმი ჯერ კიდევ ეჩვევა ახალ გარემოს. მას ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული დღე-ღამის რიტმი. საშუალოდ, 14–17 საათი სძინავს დღე-ღამეში. თუმცა ეს საათები უწყვეტი ძილი არ არის. უმეტესად, ბავშვი იღვიძებს ყოველ 2–3 საათში კვებისთვის და შემდეგ ისევ იძინებს.

პირველ კვირებში ხშირი გამოღვიძება სრულიად ბუნებრივია. ამის მიზეზებია:

  • პატარა კუჭი, რომელიც სწრაფად ცარიელდება;
  • ხშირი კვების საჭიროება;
  • ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ბიოლოგიური საათი;
  • მშობელთან სიახლოვის მოთხოვნილება.

გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი განსხვავებულია, ზოგს შეიძლება ცოტა მეტი, ზოგს კი ნაკლები ეძინოს და ეს ნორმის ფარგლებში იყოს.

✅ როგორ დავაძინოთ უსაფრთხოდ?

უსაფრთხო ძილი მნიშვნელოვნად ამცირებს ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) რისკს. პედიატრების რეკომენდაციით:

  • ბავშვი ყოველთვის დააწვინე ზურგზე.
  • გამოიყენე მყარი და სწორი ლეიბი.
  • საწოლში არ მოათავსო ბალიშები, საბნები, სათამაშოები ან რბილი ბამპერები.
  • სასურველია, პირველი 6 თვის განმავლობაში ბავშვს ეძინოს იმავე ოთახში, მაგრამ ცალკე საწოლში.
  • არ გადაახურო ზედმეტად - ბავშვს უნდა ეცვას ამინდის შესაბამისი, კომფორტული ტანსაცმელი.

პირველ თვეებში მკაცრი რეჟიმის შექმნა აუცილებელი არ არის, თუმცა შეგიძლიათ ნელ-ნელა ჩამოაყალიბო დამამშვიდებელი რუტინა. მაგალითად: დაბალი განათება საღამოს, მშვიდი საუბარი ან სიმღერა, კანი-კანთან კონტაქტი, კვება და შემდეგ დაძინება, ოთახში მშვიდი გარემო. დროთა განმავლობაში ბავშვი ამ მოქმედებებს ძილთან დააკავშირებს.

😴 როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ძილი უნდა?

ძილის რეჟიმი თანდათანობით ყალიბდება და ამას დრო სჭირდება. ზოგჯერ, თუ ძალიან გადაიღლება, ჩაძინება უფრო გაუჭირდება. ძილის სურვილზე შეიძლება მიუთითებდეს:

  • მთქნარება;
  • თვალების ფშვნეტა;
  • მზერის არიდება;
  • მოუსვენრობა;
  • ტირილი აშკარა მიზეზის გარეშე.

თუ ამ ნიშნებს დროულად შეამჩნევთ, ბავშვს დაძინება ხშირად უფრო მარტივად გამოუვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ უზრუნველყოთ უსაფრთხო ძილის გარემო და მისცეთ პატარას ის, რაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება - სიმშვიდე, სითბო და სიახლოვე.