თუ ოდესმე გიძებნიათ რჩევები ბავშვთან ერთად ძილის შესახებ, სავარაუდოდ, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას წააწყდებოდით. ამ საკითხზე მტკიცებულებები არაერთგვაროვანი და პირობითია. ზოგიერთი კვლევა საწოლის გაზიარებას ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის შედარებით მაღალ რისკს უკავშირებს, ზოგი ასეთ კავშირს ვერ პოულობს, ზოგიც ვარაუდობს, რომ მძინარე მშობლის სუნთქვა, ხმები და მოძრაობა პატარას სუნთქვის რეგულირებაშიც კი ეხმარება. ასე რომ, მთავარი კითხვაa — როგორ ვიძინოთ ჩვილთან ერთად უსაფრთხოდ.

ჯერ ორი განსხვავებული ცნება გამოვყოთ

საწოლის გაზიარება ნიშნავს, რომ ბავშვს თქვენ გვერდით, დიდების საწოლში სძინავს.

ნებისმიერ სხვა ადგილას ერთად ჩაძინება, დივანზე, სავარძელში თუ რბილ პუფში, სულ სხვა საკითხია და აქ ბუნდოვანი არაფერია. ბავშვის სახე შეიძლება დივნის ბალიშებს შორის მოჰყვეს, რაც ცნობილ და რეალურ რისკს წარმოადგენს. თუ გრძნობთ, რომ ღამით კვებისას შეიძლება ჩაგეძინოთ, საწოლი ბევრად უსაფრთხო ადგილია ამისთვის, ვიდრე მისაღები ოთახის დივანი.

ეს უკანასკნელი ფაქტი იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩანს. ბევრი მშობელი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს სიფრთხილის დაცვას, ღამის 3 საათზე ბავშვს დივანზე კვებავს სწორედ იმის გამო, რომ სმენიათ, თითქოს საწოლი უსაფრთხო არ არის — დივანი კი სინამდვილეში ბევრად უფრო რისკიანი არჩევანია.

თუ ბავშვი თქვენს საწოლში ძინავს

  • დააწვინეთ ბავშვი ზურგზე.
  • მატრასი უნდა იყოს მკვრივი და სწორი.
  • ბალიშები და უფროსის საბნები არ უნდა ეხებოდეს ბავშვს.
  • ნუ დააფარებთ ბავშვს თქვენს სქელ საბანს, ამან შეიძლება ბავშვი გადაახუროს.
  • ოთახში შეინარჩუნეთ ზომიერი, კომფორტული ტემპერატურა: იდეალურია დაახლოებით 16–20°C.
  • ოთახში თამბაქოს კვამლი საერთოდ არ უნდა იყოს.
  • წინასწარ დაგეგმეთ ეს, თუნდაც ზოგადად. წინასწარ გააზრებული ერთად ძილი ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე დილის 4 საათზე შემთხვევით ჩაძინება.

ღამეები, როდესაც სჯობს საწოლი არ გაიზიაროთ

არსებობს კონკრეტული გარემოებები, როდესაც საწოლის გაზიარება სწორი არჩევანი არ არის.

  • თუ რომელიმე მშობელი ეწევა. სიგარეტის კვამლი ძალიან ტოქსიკურია ჩვილებისთვის, განსაკუთრებით პირველი სამი თვის განმავლობაში, და მწეველ მშობელთან ერთად ძილი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია.
  • თუ რომელიმეს მიღებული გაქვთ ალკოჰოლი, ან ისეთი მედიკამენტი თუ საშუალება, რომელიც ადუნებს და ძილიანობას იწვევს (მათ შორის ტკივილგამაყუჩებლები ან საძილე აბები).
  • თუ ავად ხართ ან ისე გადაღლილი, რომ ბავშვის ხმაურზე ვერ გაიღვიძებთ.

უსაფრთხო ერთად ძილი ეფუძნება მშობლის სიფხიზლესა და იმის გაცნობიერებას, თუ სად იმყოფება ბავშვი საწოლში. იმ ღამეს, როცა ეს ასე არ არის, ბავშვმა თავის სივრცეში უნდა დაიძინოს.

„შუალედური გზა“, თუ ალტერნატივა გსურთ

მიდგმული საწოლი (რომელსაც ხშირად co-sleeper-ს ან მიდგმულ აკვანს უწოდებენ) უერთდება თქვენს საწოლს ისე, რომ მატრასები ერთ დონეზეა და მათ შორის ღრიჭო არ რჩება. ოთხიდან ერთი ჯებირი ღამით ჩადის დაბლა, რათა ბავშვი ხელის გაწვდენაზე იყოს, ხოლო როცა საწოლში არ ხართ, ისევ მაღლა იწევს. ბევრი ოჯახისთვის ეს ერთბაშად ჭრის უამრავ პრაქტიკულ საზრუნავს: სიახლოვე კვებისას და ცალკე, უსაფრთხო ზედაპირი ძილისთვის.

რაც არ უნდა გადაწყვიტოთ

სადაც არ უნდა ეძინოს თქვენს ჩვილს, რამდენიმე წესი უცვლელია. პირველი ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი თქვენი ოთახია, თქვენთან ახლოს. ძუძუთი კვება, რეალურ დაცვას უზრუნველყოფს მთელი პირველი წლის განმავლობაში, თუნდაც ნაწილობრივი იყოს და თუნდაც იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე გეგმავდით.