როდესაც ბავშვი ძლიერად ტირის და მუცელი შემაგრებული აქვს, სრულიად ბუნებრივია დაფიქრდეთ, ეს გაზებია თუ კოლიკა. ორივე ძალიან გავრცელებული და დროებითია.
გაზები
გაზები სიცოცხლის პირველ თვეს ძალზე ხშირია. ის ძირითადად კვების ან ტირილის დროს ჰაერის ყლაპვის შედეგად წარმოიქმნება. გაზებმა შეიძლება გამოიწვიოს მუცლის შებერილობა, უსიამოვნო დაჭიმულობა. თავისთავად, შებერილობა საშიში არ არის, თუ მას თან არ ახლავს ღებინება.
გაზებს ჩვეულებრივ ამ ნიშნებით იცნობთ: ბავშვი იჭიმება და ჭირვეულობს, მუცელი გადიდებული ჩანს, ხშირად ამოაბოყინებს ან უშვებს გაზებს, ამის შემდეგ კი თვალსაჩინოდ მშვიდდება.
კოლიკა
კოლიკა ტირილის გარკვეულ კანონზომიერებას ჰქვია: სხვა მხრივ სრულიად ჯანმრთელი ბავშვი ტირის დღეში 3 საათზე მეტხანს, კვირაში 3 დღეზე მეტს, 3 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. ის ჩვეულებრივ იწყება დაახლოებით 3 კვირის ასაკში, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, ყველაზე ხშირად ნაშუადღევს ან საღამოს, და როგორც წესი, თავისით გადის.
კოლიკა დაავადება არ არის. კოლიკის მქონე ჩვილები ჯანმრთელები არიან: კარგად ჭამენ, წონაშიც კარგად იმატებენ და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებათ. მისი ერთმნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზი და მკურნალობის კონკრეტული გზა არ არსებობს.
მათი გარჩევის ყველაზე მარტივი გზა ასეთია: თუ ამობოყინების შემდეგ ბავშვი მშვიდდება, ეს გაზები იყო. კოლიკის დროს კი, რასაც არ უნდა შეეცადოთ, მხოლოდ წამიერად შველის, შემდეგ კი ტირილი ხელახლა იწყება.
რა ეხმარება გაზების დროს
- ხშირად ამოაყოლებინეთ ჰაერი ბავშვს, როგორც ჭამის დროს, ისე ჭამის შემდეგ. გეჭიროთ ვერტიკალურად, თქვენს მხართან მიხუტებული, და ზურგზე ნაზად უსვით ან ოდნავ დაუტყაპუნეთ ხელი. სწორედ ვერტიკალური პოზიცია აძლევს ჰაერს გარეთ გამოსვლის საშუალებას.
- აჭამეთ ბავშვს უფრო ვერტიკალურ მდგომარეობაში და ეცადეთ, ძალიან სწრაფად არ ჭამოს.
- თუ ბოთლით კვებავთ, ბოთლი ისე გეჭიროთ დახრილი, რომ საწოვარას ყელი ყოველთვის რძით იყოს სავსე. ასევე შეამოწმეთ, ხომ არ არის საწოვარას ხვრელი ძალიან პატარა. ბავშვი, რომელსაც ძლიერად წოვა უწევს, ყოველ ყლუპზე მეტ ჰაერს ყლაპავს.
- დააწვინეთ ბავშვი მუცლით თქვენს მუხლებზე და მსუბუქდ დაუზილეთ ზურგი.
- ხანდახან მშობელი ფიქრობს, რომ გაზებს იწვევს ლაქტოზის აუტანლობა. თუმცა, უნდა იცოდეთ რომ, ლაქტოზის აუტანლობას თან ახლავს სხვა ნიშნებიც, ღებინება, დიარეა. ამ ნიშნების გარეშე კი მისი ალბათობა დაბალია.
რა ეხმარება კოლიკის დროს
კოლიკის მკურნალობის საშუალება არ არსებობს. რისი ცდა ღირს: ნაზი დარწევა, ხელში ტარება, გულში მიხუტება, ფრთხილად გახვივნა, საწოვარა (მატყუარა) და მშვიდი, ჩაბნელებული ოთახი. ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ სიმეთიკონის წვეთები, რომლებიც გაზის ბუშტუკებს შლის. ასევე არსებობს ახალი მტკიცებულებები პრობიოტიკ Lactobacillus reuteri-ს ეფექტიანობაზე კოლიკის მქონე ჩვილებში. ნებისმიერი წვეთის ან დანამატის მიცემამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან.
🧑⚕️ როდის მივმართოთ ექიმს
- თუ ჩვილი შეუჩერებლად ტირის, ღირს ექიმთან შემოწმება, რათა სხვა შესაძლო მიზეზები გამოირიცხოს.
- თუ მუცლის შებერილობას თან ახლავს ღებინება.
- თუ ბავშვს აქვს დიარეა, სიცხე ან ცუდად იმატებს წონაში. ეს ნიშნები ყურადღებას მოითხოვს.
და ბოლოს, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: კოლიკა მშობლის შფოთვით „იკვებება“, ასე რომ, რაც უფრო მშვიდად დარჩებით ბავშვთან, მით უფრო გაადვილდება ეს პროცესი ორივესთვის. ტირილის მიზეზების უმრავლესობა უსაფრთხოა და ეს ეტაპიც გაივლის.







