ძილის ვარჯიშის ყველაზე ცნობილი მეთოდია კონტროლირებადი ტირილი (controlled crying). ბავშვს მშობლების მიერ შერჩეულ დროს აწვენენ საწოლში და ტოვებენ, მიუხედავად იმისა, ტირის თუ არა. მშობელი ბავშვს აცდის ტირილს, ანუ მასთან პერიოდულად შედიან, ბავშვის მარტო დატოვების ინტერვალი ყოველდღიურად იზრდება (ხუთი წუთი, შემდეგ ათი, თხუთმეტი, ოცი). კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესია, რომ მიუხედავად ინტერვალის ზომისა, ბავშვს ხელში არ იყვანენ დასამშვიდებლად.

ძილის ვარჯშის კიდევ უფრო მკაცრი ვერსიაა „ამოტირება“ (Cry-it-out). ბავშვს აწვენენ ღვიძილისას და მასთან აღარავინ ბრუნდება, რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ტირილი. ზოგიერთი ბავშვი ერთი-ორი წუთი ტირის და მშვიდდება. ასეთ ბავშვებს „სწავლება“ არასდროს სჭირდებოდათ — ისინი უკვე მზად იყვნენ დამოუკიდებლად დასაძინებლად. სხვა ბავშვები კი საათზე მეტხანს ტირიან, ღამიდან ღამემდე.

რა ხდება იმ ბავშვის ორგანიზმში, რომელსაც სატირლად ტოვებენ

ეს ის ნაწილია, რომელსაც მშობლებს იშვიათად უხსნიან, არადა მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

როდესაც ბავშვს მარტოს ტოვებენ ძლიერი ტირილისას, ის საბოლოოდ ჩერდება. თუმცა კვლევები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ის იმის გამო კი არ ჩერდება, რომ რამე ისწავლა. ამ ასაკის ბავშვის ტვინი ჯერ არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ ასეთი დასკვნა გამოიტანოს. ის ჩერდება იმის გამო, რომ დაკარგა ვინმეს მოსვლის იმედი და ძალები გამოელია.

ამავდროულად, მის სხეულში უხილავი პროცესები მიმდინარეობს. მწვავე და ხანგრძლივი სტრესი იწვევს ჰორმონალურ ჯაჭვურ რეაქციას, რაც თირკმელზედა ჯირკვლების მიერ სტრესის ჰორმონის — კორტიზოლის — სხეულსა და ტვინში გამოყოფით სრულდება. სტრესზე რეაგირების ეს სისტემა მანამ განაგრძობს კორტიზოლის გამომუშავებას, სანამ ვინმე არ „გამორთავს“ მას ბავშვის დამშვიდებით. დროთა განმავლობაში კორტიზოლის მაღალი დონის დაგროვება შეიძლება ტოქსიკური აღმოჩნდეს ჩვილის სწრაფად განვითარებადი ტვინისთვის, ხოლო განმეორებადმა ეპიზოდებმა შესაძლოა ეს სისტემა სამუდამოდ ჰიპერმგრძნობიარე გახადოს, რის გამოც ის მცირე სტრესზეც კი ძლიერი შიშითა და შფოთვით რეაგირებს ჩვილობაში, ბავშვობაში და მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკშიც.

ბავშვს თვითონ ტირილი კი არ აზიანებს. ჩვილები იმისთვის ტირიან, რომ დაგვიძახონ, ეს მათი კომუნიკაციის ენაა. ზიანი მოაქვს ტირილს, რომელიც უპასუხოდ რჩება.

ვერავინ გეტყვით, კონკრეტულად რა რაოდენობის ტირილია „მეტისმეტი“ თქვენი ბავშვისთვის. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ სპეციალისტები ამ მიდგომას სარისკოდ.

ძილის ვარჯიში ბავშვებისთვის არ გამოუგონიათ

ძილის ვარჯიში ჩვილების კვლევებიდან არ წარმოშობილა. ის საოჯახო მეურნეობის მართვიდან მოდის.

ყველაფერი 1894 წელს დაიწყო, როდესაც პედიატრმა ლუთერ ემეტ ჰოლტმა გამოაქვეყნა სახელმძღვანელო დედებისა და ძიძებისთვის, სადაც ურჩევდა, რომ ძილის წინ ატირებულ ბავშვს „უბრალოდ უნდა მისცენ საშუალება, ბოლომდე იტიროს“. 1928 წელს ფსიქოლოგმა ჯონ ბ. უოტსონმა ეს ლოგიკა კიდევ უფრო შორს წაიყვანა და მშობლებს ურჩია, არასდროს ჩახუტებოდნენ და არ ეკოცნათ შვილებისთვის. ჩვეულებრივ ოჯახებში ამ მეთოდმა ფართოდ შეაღწია დოქტორ რიჩარდ ფერბერის 1985 წლის წიგნის მეშვეობით.

ამ ყველაფრის უკან მდგარი ლოგიკა უფროსებს ეხებოდა: ითვლებოდა, რომ დედის ყურადღება ქმარსა და სახლს ეკუთვნოდა, ხოლო ბავშვი, რომელიც მის ღამეებს იკავებდა, მოსაგვარებელი პრობლემა იყო. თანამედროვე ვერსიებს, როგორც წესი, უფრო კეთილი მიზნებით გვთავაზობენ, დედის გადაღლილობა, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა, თუმცა თავად მეთოდი 1894 წლის შემდეგ თითქმის არ შეცვლილა და ის არასდროს ყოფილა მორგებული ბავშვის საჭიროებებზე.

დღეს სპეციალისტები არ გვირჩევენ ძილის ვარჯიშს ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება თქვენი ბავშვის ფსიქოლოგიას. მეთოდი, რომლის მთავარი კომპონენტიც უპასუხო ტირილია, მუშაობს იმით, რომ ბავშვს ასწავლის: დახმარების თხოვნას შველა არ მოაქვს. სიჩუმე ტირილის ბოლოს არ არის სიმშვიდე, ეს არის ბავშვი, რომელმაც დახმარების თხოვნა შეწყვიტა.

თქვენი ბავშვის ტირილი არ არის ცუდი ჩვევა, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. ეს არის თხოვნა და მასზე პასუხის გაცემა მშობლის ვალდებულებაა.