თქვენი ბავშვი უკვე აქტიურად აკვირდება ადამიანებს, რეაგირებს ნაცნობ ხმებზე, გამოხატავს ინტერესს, ემოციებს და სულ უფრო მეტად ერთვება ურთიერთობაში. ამ ეტაპზე მამის ჩართულობა მხოლოდ „დედის დახმარება“ არ არის. მამას შეუძლია ბავშვისთვის საკუთარი, უნიკალური და მნიშვნელოვანი ურთიერთობა შექმნას. ბავშვის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა ის, ვინ რას აკეთებს, არამედ რამდენად თბილი, უსაფრთხო და საპასუხოა ეს ურთიერთობა.
რა შეიძლება გააკეთოს მამამ?
🗣️ ესაუბრეთ და უპასუხეთ — როცა ბავშვი ბუტბუტებს, იღიმის, ხმას გამოსცემს ან გიყურებთ, უპასუხეთ, შექმენით მარტივი „დიალოგები“, რაც დაეხმარება ბავშვს გაიგოს, რომ მისი ხმა და მოქმედებები პასუხს იწვევს.
👀 ითამაშეთ ბავშვის ინტერესის მიხედვით - არ არის საჭირო სპეციალური სათამაშოები ან რთული აქტივობები. შეგიძლიათ: ერთად დაათვალიეროთ წიგნი; აჩვენოთ სარკე; ითამაშოთ „ჭიტა-ჭიტა“; იმღეროთ; დაასახელოთ ის, რასაც ბავშვი უყურებს; მისცეთ უსაფრთხო ნივთების აღმოჩენის საშუალება. მნიშვნელოვანია, მიჰყვეთ ბავშვის ინტერესს, და არა მხოლოდ იმას, რაც თქვენ გინდათ, რომ მან გააკეთოს. Responsive interaction სწორედ ასეთი ორმხრივი ურთიერთობაა.
👶 აიღეთ ყოველდღიური მოვლის ნაწილიც - მამასთან კავშირი მხოლოდ თამაშით არ იქმნება. ბავშვთან ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური მოვლაც: ბანაობა; ჩაცმა; გასეირნება; დაძინება; კვების ორგანიზებაში მონაწილეობა; ბავშვის დამშვიდება, როცა ტირის. როცა მამა თავად ამჩნევს ბავშვის შიმშილის, დაღლილობის ან დისკომფორტის ნიშნებს და პასუხობს მათ, ის თანდათან სწავლობს ბავშვის „წაკითხვას“ და ბავშვიც სწავლობს, რომ მამასთანაც შეუძლია უსაფრთხოდ ყოფნა.
თუ ბავშვი დედას უფრო ხშირად ეძებს?
ეს სრულიად შესაძლებელია. 7 თვის ასაკში ბავშვი უკვე კარგად იცნობს ნაცნობ ადამიანებს და შეიძლება ერთ-ერთ მშობელთან კონკრეტულ მომენტში უფრო ადვილად მშვიდდებოდეს. ეს არ ნიშნავს, რომ მამასთან კავშირი არ ყალიბდება. მამასთან ურთიერთობას დრო და განმეორებადი გამოცდილება სჭირდება — განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვის ყოველდღიურ მოვლაში აქამდე ნაკლებად მონაწილეობდა. მთავარია, მამამ უარის ან ტირილის დროს ურთიერთობა არ მიატოვოს. შეუძლია მშვიდად დარჩეს, ბავშვს დრო მისცეს და თანდათან საკუთარი რიტუალები შექმნას.
არ არის საჭირო „დედის ჩანაცვლება“
მამის ჩართულობის მიზანი არ არის, რომ მამამ დედას ჩაანაცვლოს ან ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთოს, როგორც დედა. ბავშვს შეუძლია ჰქონდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი და უსაფრთხო ურთიერთობა. მამას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი პატარა რიტუალები — დილის თამაში, საღამოს წიგნი, გასეირნება ან ბანაობა. სწორედ ასეთი განმეორებადი მომენტები ქმნის კავშირს.
ბავშვის განვითარებაში მამის მთავარი „ინსტრუმენტი“ არც სპეციალური სათამაშოა და არც კონკრეტული აქტივობა. არამედ :
- დათმობილი დრო,
- ყურადღება,
- შეხება,
- საუბარი,
- თამაში
- ბავშვის სიგნალებზე პასუხი.
ბავშვს არ სჭირდება იდეალური მამა. მას სჭირდება მის გვერდით მყოფი, მზრუნველი და პროგნოზირებადი მამა. ❤️







