თუ საქართველოში ცხოვრობთ, შესაძლოა 7 თვის ასაკი სწორედ იმ პერიოდს დაემთხვეს, როცა დეკრეტული შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნებაზე იწყებთ ფიქრს — ან უკვე დაბრუნდით.

ბავშვი კი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა. შეიძლება, პირველად გიწევთ მასთან რამდენიმე საათით დაშორება, ბავშვის მოვლას სხვა ადამიანს ანდობთ და თან უამრავი კითხვა გიჩნდებათ:

როგორ მიიღებს ამას ჩემი პატარა?

იტირებს თუ არა ჩემს წასვლაზე?

თუ ჩემ გარეშე კარგად იქნება, ეს რას ნიშნავს?

ხომ არ იგრძნობს, რომ მივატოვე?

ხშირად მშობლისთვის ყველაზე რთული სწორედ ეს მომენტია — ბავშვის ტირილის მოსმენა და სახლიდან გასვლა. მაგრამ ბავშვის მთელი დღის განცდა მხოლოდ იმ რამდენიმე წუთით არ განისაზღვრება. შეიძლება სცენარი ასეთი იყოს:

თქვენ მიდიხართ → ბავშვი ტირის → მომვლელი აწყნარებს → რამდენიმე წუთში ბავშვი მშვიდდება → იწყებს თამაშს, ჭამს, სძინავს და ურთიერთობს მომვლელთან. ბევრ ბავშვს განშორების მომენტში ძლიერი რეაქცია აქვს, მაგრამ მშობლის წასვლის შემდეგ ყურადღება მალევე გადააქვს სხვა ადამიანზე ან საქმიანობაზე. ამიტომ მხოლოდ დილის გამომშვიდობებით ნუ შეაფასებთ, როგორ გაატარა ბავშვმა მთელი დღე.

ეს ცვლილება შეიძლება ემოციურად რთული იყოს როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის. ამ ასაკში ბავშვი უკვე ძალიან კარგად გცნობთ — თქვენს სახეს, ხმას, შეხებასა და ყოველდღიურ რიტუალებს. ამიტომ თქვენი არყოფნა შეიძლება შეამჩნიოს და თავისი ემოციაც გამოხატოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამსახურში დაბრუნებით თქვენსა და ბავშვს შორის კავშირს საფრთხეს უქმნით.

მოდით, ვნახოთ, რას შეიძლება განიცდიდეს 7 თვის ბავშვი მშობლის დღის განმავლობაში არყოფნისას, რა არის ჩვეულებრივი რეაქცია და როგორ შეგიძლიათ ეს ცვლილება ორივესთვის უფრო მშვიდად და პროგნოზირებადად აქციოთ.

„დედა მიდის და შემდეგ ბრუნდება”

ამ ასაკში ბავშვის წარმოდგენა ადამიანების მუდმივი არსებობის შესახებ ჯერ კიდევ ვითარდება. ის შეიძლება მიხვდეს, რომ თქვენ ოთახიდან გახვედით, მოგძებნოთ მზერით, გაღიზიანდეს ან იტიროს. ის სწავლობს მნიშვნელოვან გამოცდილებას: „დედა ახლა აქ არ არის.“ დროთა განმავლობაში კი, განმეორებითი გამოცდილებით, სწავლობს კიდევ ერთ რამეს: „დედა მიდის და შემდეგ ბრუნდება.“ სწორედ პროგნოზირებადი, განმეორებითი გამოცდილება ეხმარება ბავშვს განშორების ატანაში.

ზოგი ბავშვი მშობლის წასვლას მშვიდად ხვდება, ზოგი კი ტირის, გეჭიდებათ ან ცდილობს თქვენსკენ წამოსვლას. ბავშვებს განსხვავებული ტემპერამენტი აქვთ და ცვლილებებსაც სხვადასხვაგვარად ეგუებიან. უფრო ფრთხილი ან ცვლილებების მიმართ მგრძნობიარე ბავშვი შეიძლება ახალ მომვლელთან ან ახალ სიტუაციასთან შეგუებას მეტი დრო დაუთმოს.

უსაფრთხო მიჯაჭვულობა / სტაბილური მომვლელი

ბავშვს შეიძლება ჰყავდეს ერთი ადამიანი, ვისთანაც განსაკუთრებით მშვიდდება — ხშირად ეს ის მშობელია, რომელიც ყველაზე მეტ დროს ატარებს მასთან. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ადამიანთან უსაფრთხო ურთიერთობას ვერ შექმნის. პირიქით, ბავშვს შეუძლია ერთზე მეტი ადამიანის მიმართ ჩამოუყალიბდეს თბილი და უსაფრთხო მიჯაჭვულობა. ბებიას, ბაბუას, მამას, ძიძას ან სხვა მუდმივ მომვლელსაც შეუძლია ბავშვისთვის გახდეს ადამიანი, ვისთანაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს, თუ ის თანმიმდევრულად, თბილად და ყურადღებით პასუხობს ბავშვის საჭიროებებს.

თუ შესაძლებელია, პირველ პერიოდში ბავშვს ერთი და იგივე ადამიანი უვლიდეს. თანმიმდევრულობა ბავშვს ეხმარება, ახალი ყოველდღიურობა უფრო პროგნოზირებადი გახდეს.

ბავშვთან უსაფრთხო მიჯაჭვულობა ყალიბდება უამრავი განმეორებითი გამოცდილებით:

„როცა მშია, მპასუხობენ.“

„როცა მეშინია, მამშვიდებენ.“

„როცა მჭირდება, ჩემთან მოდიან.“

„ჩემი ემოციები ვინმესთვის მნიშვნელოვანია.“

„ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანები ბრუნდებიან.“

მოკლე და მშვიდი დამშვიდობება

არ არის საჭირო ჩუმად გაქრობა მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვმა არ იტიროს. შეგიძლიათ მშვიდად უთხრათ: „დედა ახლა სამსახურში მიდის. შენ ბებიასთან დარჩები. მერე დედა მოვა.“ შვიდი თვის ბავშვი ჯერ ვერ გაიგებს ყველა სიტყვას, მაგრამ თქვენს ხმას, ტონსა და განმეორებად რიტუალს თანდათან ამოიცნობს.

პირველ დღეებში ან ცვლილების პერიოდში ტირილი შეიძლება იყოს ადაპტაციის ნაწილი. მნიშვნელოვანია უფრო ფართო სურათს შეხედოთ:

მშობლის წასვლის შემდეგ შეუძლია თუ არა ბავშვს დამშვიდება?

იკვებება?

იძინებს?

ინტერესდება თამაშითა და გარემოთი?

აქვს თუ არა პერიოდები, როდესაც ბედნიერი და მშვიდია?

თუ პასუხი უმეტესად „კი“-ა, მხოლოდ განშორების მომენტში ტირილი თავისთავად საგანგაშო ნიშანი არ არის.

მაგრამ თუ ბავშვის რეაქცია ძალიან ინტენსიურია და დროთა განმავლობაში საერთოდ არ მცირდება, ან ცვლილებები მნიშვნელოვნად აისახება მის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე — მაგალითად, მუდმივად უარს ამბობს კვებაზე, ძალიან ცუდად სძინავს, ვერ მშვიდდება სხვა მზრუნველთან ან თქვენ გაქვთ განცდა, რომ ბავშვი მუდმივად ძლიერ სტრესშია — ღირს ფსიქოლოგთან კონსულტაცია

გახსოვდეთ

თქვენი სამსახურში დაბრუნება არ ნიშნავს, რომ ბავშვს ტოვებთ.

თქვენ ასწავლით მას ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას: „დედა შეიძლება წავიდეს და ისევ დაბრუნდეს.“

ამ გამოცდილებასთან ერთად ბავშვს შეუძლია აღმოაჩინოს კიდევ ერთი რამ: „სანამ დედა არ არის, მე მაინც უსაფრთხოდ ვარ. ჩემზე ზრუნავენ. მე საყვარელი ვარ. და დედა ბრუნდება.“

თქვენი კავშირი მხოლოდ იმ საათებით არ იზომება, რომელსაც ერთად ატარებთ. ის იქმნება იმ უამრავი პატარა მომენტით, როდესაც ბავშვი გრძნობს: „მე მნიშვნელოვანი ვარ. ჩემი საჭიროებები ესმით. მე უსაფრთხოდ ვარ.“