როდესაც ბავშვს აქვს ხშირი გაზები, კოლიკა, გამონაყარი, ღებინება ან განავალში ლორწო/სისხლის მცირე კვალი, მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ მიზეზი შესაძლოა „რძის ცილის აუტანლობა“ იყოს.
მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა: ძროხის რძის ცილის ალერგია და ლაქტოზის აუტანლობა ერთი და იგივე არ არის.
ძროხის რძის ცილის ალერგიის დროს ბავშვის იმუნური სისტემა რეაგირებს რძეში შემავალ ცილებზე. ლაქტოზის აუტანლობის დროს კი პრობლემა რძის შაქრის — ლაქტოზის — მონელებას უკავშირდება. ჩვილებში პირველადი ლაქტოზის აუტანლობა იშვიათია.
როგორ ამოვიცნოთ?
ძროხის რძის ცილის ალერგიის გამოვლინებები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე, რა ტიპის იმუნური რეაქცია მიმდინარეობს. შესაძლო ნიშნებია:
კანის მხრივ
- ჭინჭრის ციება;
- ქავილიანი გამონაყარი;
- ეგზემის გამწვავება;
- ტუჩების, სახის ან თვალების ირგვლივ შეშუპება.
კუჭ-ნაწლავის მხრივ
- განმეორებითი ღებინება;
- დიარეა;
- ზოგჯერ შეკრულობა;
- განავალში ლორწო ან სისხლი;
- კვების დროს აშკარა დისკომფორტი;
- ზოგიერთ შემთხვევაში — ცუდი წონის მატება.
სხვა ნიშნები
- ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება;
- ცხვირის გაჭედვა ან დენა;
- კვების მიმართ უარის თქმა.
თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, ეს სიმპტომები სპეციფიკური არ არის. მაგალითად, გაზები, ჭირვეულობა, ხშირი ამოქაფვა ან განავლის ფერის ცვლილება თავისთავად არ ნიშნავს, რომ ბავშვს რძის ცილის ალერგია აქვს. ეს ნიშნები ჯანმრთელ ჩვილებშიც საკმაოდ ხშირად გვხვდება.
განსაკუთრებით საყურადღებოა სისხლი განავალში. თუ ბავშვის განავალში სისხლი შენიშნეთ, აუცილებლად აცნობეთ პედიატრს. ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს ე.წ. Food Protein-Induced Allergic Proctocolitis (FPIAP)— მდგომარეობა, რომელიც ხშირად ძუძუთი კვებაზე მყოფ, ზოგადად კარგად მყოფ და ნორმალურად მზარდ ჩვილებში გვხვდება. თუმცა სისხლიანი განავლის სხვა მიზეზებიც არსებობს, მათ შორის ანალური ნაპრალი და ინფექცია. ამიტომ მხოლოდ სისხლის დანახვით ალერგიის დიაგნოზის დასმა არ შეიძლება.
თუ ალერგია მართლაც “ეჭვმიტანილია”?
თუ პედიატრი სიმპტომების საფუძველზე ძროხის რძის ცილის ალერგიას ეჭვობს, შესაძლოა შემოგთავაზოთ დიაგნოსტიკური ელიმინაციის პერიოდი. ძუძუთი კვებაზე მყოფ შემთხვევაში ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ დედამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკაცრად გამორიცხოს ძროხის რძის ცილის შემცველი პროდუქტები. ჩვეულებრივ, ასეთი საცდელი პერიოდი დაახლოებით 2–4 კვირას მოიცავს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯი:
თუ ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რძის ცილის ხელახლა შეყვანა დიეტაში საჭიროა დიაგნოზის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად. მხოლოდ იმით, რომ ბავშვის სიმპტომები ელიმინაციის პერიოდში გაუმჯობესდა, ალერგიის დიაგნოზი საბოლოოდ დადასტურებული არ არის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხანგრძლივი და არასაჭირო შეზღუდული დიეტა დედისთვისაც შეიძლება იყოს არასასურველი და კვებითი დეფიციტების რისკი შექმნას.
უნდა შეწყდეს თუ არა ძუძუთი კვება?
არა.
თუ ბავშვს ძროხის რძის ცილაზე ალერგია აქვს, ძუძუთი კვება, როგორც წესი, შეიძლება უსაფრთხოდ გაგრძელელდეს შესაბამისი მხარდაჭერით. ზოგიერთ შემთხვევაში საკმარისია დედის რაციონიდან ძროხის რძის ცილის დროებითი გამორიცხვა. თუ პედიატრი ან დიეტოლოგი გირჩევთ რძის ცილის ელიმინაციას, ეს უნდა გაკეთდეს სრულად და სწორად, რადგან მხოლოდ რძის დალევის შეწყვეტა საკმარისი შეიძლება არ იყოს — რძის ცილა ბევრ მზა პროდუქტშიც გვხვდება. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედის კვების ბალანსი. რძის პროდუქტების ხანგრძლივი გამორიცხვისას საჭიროა ყურადღება მიექცეს, რომ დედამ საკმარისი კალციუმი და D ვიტამინი მიიღოს. კონკრეტული დანამატის საჭიროება ექიმმა ან დიეტოლოგმა უნდა განსაზღვროს.
სხვა შემთხვევებში, განსაკუთრებით თუ ბავშვი შერეულად ან ხელოვნურად იკვებება, ექიმმა შეიძლება სპეციალური ჰიპოალერგიული ნარევი შეარჩიოს. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ბავშვის სიმპტომების, ასაკის, ზრდისა და ალერგიული რეაქციის ტიპის მიხედვით უნდა მიიღოთ ექიმთან ერთად.







