რძის გამომუშავების დაწყებისას ორგანიზმი ჯერ კიდევ „სწავლობს“, რამდენი რძე სჭირდება თქვენს ბავშვს. პირველ დღეებში შეიძლება გამოიმუშაოს იმაზე მეტი რძე, ვიდრე ბავშვს კონკრეტულ მომენტში სჭირდება. ამას ემატება მკერდში სისხლის მიმოქცევისა და ქსოვილოვანი სითხის ცვლილებები. შედეგად მკერდი შეიძლება გახდეს: სავსე + მძიმე + მყარი + თბილი + მტკივნეული. ეს განსაკუთრებით ხშირია მშობიარობიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. როგორც წესი, დროთა განმავლობაში მცირდება, როცა ორგანიზმი ბავშვის მოთხოვნას ერგება.

მაგრამ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის არის ეს უბრალოდ გადავსება და როდის შეიძლება უკვე ანთებაზე ან მასტიტზე მიუთითებდეს.

რა გავაკეთოთ, როცა მკერდი გადავსებულია?

1. აჭამეთ ბავშვს მისი მოთხოვნის მიხედვით თუ ბავშვს შიმშილის ნიშნები აქვს, შესთავაზეთ ძუძუ. არ არის საჭირო კვებების მკაცრად გადადება იმისთვის, რომ მკერდი „კარგად გაივსოს“. ბავშვის რეგულარული კვება ხელს უწყობს როგორც ბავშვისთვის საჭირო რძის მიღებას, ისე მკერდის ზედმეტი გადავსების შემცირებას.

2. თუ არეოლა ძალიან გამაგრდა, ცოტა რძე გამოიწველეთ ზოგჯერ მკერდი იმდენად დაჭიმულია, რომ ბავშვს ძუძუს სწორად მოჭიდება უჭირს. ასეთ დროს შეგიძლიათ ხელით მცირე რაოდენობის რძე გამოიწველოთ, მხოლოდ იმდენი, რომ არეოლა დარბილდეს და ბავშვს მოჭიდება გაუადვილდეს.

3. ცივი კომპრესი კვების შემდეგ ან კვებებს შორის ცივი კომპრესი შეიძლება დაგეხმაროთ შეშუპებისა და ტკივილის შემცირებაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ცივ წყალში დასველებული ქსოვილი ან ცივი კომპრესი. არ დაიდოთ ძალიან ცივი ნივთი პირდაპირ კანზე — მოათავსეთ ქსოვილში გახვეული.

რა არის „გაჭედილი სადინარი“ ?

ზოგჯერ შეიძლება იგრძნოთ მკერდში პატარა, მტკივნეული გამაგრებული ადგილი. ხშირად ამას „გაჭედილ სადინარს“ უწოდებენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ წარმოვიდგინოთ, როგორც პატარა მილი, რომელშიც რძის საცობი ფიზიკურად არის გაჭედილი და აუცილებლად უნდა „ამოვიღოთ“. მკერდის ტკივილი და გამაგრება შეიძლება დაკავშირებული იყოს ადგილობრივ შეშუპებასა და ანთებით პროცესთან, რომელიც რძის მოძრაობასაც ართულებს. ამიტომ მიზანი არ არის ადგილის ძალით „გამოწურვა“.

მიზანია:

  • ბავშვისთვის კომფორტული კვების გაგრძელება;
  • ზედმეტი სტიმულაციის თავიდან აცილება;
  • შეშუპებისა და ტკივილის შემცირება;
  • საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო შეფასება.

თუ შეგიძლიათ და ბავშვს სურს, ძუძუთი კვების გაგრძელება ჩვეულებრივ შესაძლებელია და რეკომენდებულია. მასტიტის ან გადავსების გამო ძუძუთი კვების უეცრად შეწყვეტა საჭირო არ არის. მაგრამ არც ის არის აუცილებელი, რომ მტკივნეული მკერდი მუდმივად „დავაცარიელოთ“. ბავშვი აჭამეთ მისი მოთხოვნის მიხედვით, ხოლო თუ მკერდი კვების შემდეგ მაინც ძალიან სავსეა და დისკომფორტს იწვევს, შეგიძლიათ მხოლოდ მცირე რაოდენობის რძე გამოიწველოთ კომფორტისთვის.

როდის შეიძლება საქმე მასტიტთან გვქონდეს?

მასტიტი ნიშნავს მკერდის ანთებას და ის ყოველთვის არ არის თავიდანვე ბაქტერიული ინფექცია. შეიძლება განვითარდეს მკერდის გადავსებისა და ანთებითი პროცესის ფონზე. საყურადღებოა, თუ გაქვთ:

  • მკერდის მკვეთრად მტკივნეული ან შეშუპებული უბანი;
  • ცხელი და მტკივნეული ადგილი;
  • სიწითლე;
  • მყარი ან სოლისებრი უბანი;
  • წვის მსგავსი ტკივილი;
  • სიცხე;
  • შემცივნება;
  • სხეულის ტკივილი;
  • ძლიერი დაღლილობა ან გრიპისმაგვარი შეგრძნება.

რა არ უნდა გავაკეთოთ?

გადავსებული ან მტკივნეული მკერდის დროს მოერიდეთ:

❌ მკერდის ძლიერად მასაჟს და მტკივნეული ადგილის ძლიერად დაჭერას; ძლიერმა მასაჟმა შეიძლება ქსოვილი უფრო დააზიანოს და ანთება გააძლიეროს. თუ შეხება გჭირდებათ, იყოს მხოლოდ ძალიან ნაზი და კომფორტის ფარგლებში.

❌ მკერდის ზედმეტად და განმეორებით გამოწველას მხოლოდ იმისთვის, რომ „ბოლომდე დაიცალოს“;

❌ ძალიან ცხელი კომპრესების ხანგრძლივად გამოყენებას;

❌ მჭიდრო ბიუსტჰალტერს ან ტანსაცმელს;

❌ ძუძუთი კვების უეცრად შეწყვეტას.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

დაუკავშირდით ექიმს ან ლაქტაციის სპეციალისტს, თუ:

  • მდგომარეობა სწრაფად უარესდება;
  • გაქვთ მაღალი ტემპერატურა ან შემცივნება;
  • თავს გრიპივით ცუდად გრძნობთ;
  • მკერდის ტკივილი და შეშუპება ძლიერია;
  • 12–24 საათში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება;
  • გაქვთ განმეორებითი მსგავსი ეპიზოდები;
  • გამაგრებული უბანი არ ქრება ან იზრდება;
  • გაქვთ ეჭვი, რომ ბავშვს უჭირს რძის მიღება.

თუ მდგომარეობა სწრაფად მძიმდება ან თავს ძალიან ცუდად გრძნობთ, სამედიცინო დახმარება დროულად უნდა მიიღოთ.