ძუძუთი კვების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი სწორედ „მოთხოვნა და მიწოდებაა“.

მარტივად რომ ვთქვათ: რაც უფრო ხშირად და ეფექტურად იღებს ბავშვი რძეს მკერდიდან, მით უფრო ძლიერ სიგნალს იღებს თქვენი ორგანიზმი, რომ რძის გამომუშავება გააგრძელოს. მაგრამ მოდი, ვნახოთ, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში.

როგორ „იგებს“ ორგანიზმი, რამდენი რძე სჭირდება ბავშვს?

როდესაც ბავშვი ძუძუს წოვს, ძუძუსთავისა და არეოლის სტიმულაცია ნერვული სიგნალების საშუალებით ჰორმონალურ პასუხს იწვევს. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი ჰორმონი:

პროლაქტინი— მონაწილეობს რძის გამომუშავებაში.

ოქსიტოცინი— ხელს უწყობს უკვე გამომუშავებული რძის გადმოდენას („milk let-down“).

განსაკუთრებით პირველ კვირებში ხშირი ძუძუთი კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს რძის წარმოების ჩამოყალიბებაში. ამიტომ ძუძუთი კვება მხოლოდ ბავშვის კვება არ არის — ყოველი ეფექტური კვება თქვენს ორგანიზმს ერთგვარ სიგნალს აძლევს: „ეს რაოდენობა გვჭირდება.“

რას ნიშნავს „მოთხოვნა და მიწოდება“ პრაქტიკაში?

წარმოიდგინეთ ძალიან მარტივი წრე: ბავშვი ითხოვს ძუძუს → იღებს რძეს → მკერდი იღებს სიგნალს → ორგანიზმი აგრძელებს რძის გამომუშავებას → შემდეგ კვებაზე ისევ არის რძე.

რაც უფრო რეგულარულად ხდება ეს პროცესი, მით უკეთ შეუძლია ორგანიზმს ბავშვის მოთხოვნასთან ადაპტირება. სწორედ ამიტომ ახალშობილები ხშირად ითხოვენ ძუძუს — განსაკუთრებით პირველ კვირებში. ახალშობილს შეიძლება მოუნდეს კვება ყოველ 1–3 საათში, ხოლო ძუძუთი კვებაზე მყოფი ბევრი ბავშვი 24 საათში დაახლოებით 8–12-ჯერ იკვებება. ზოგჯერ შეიძლება იყოს უფრო ხშირი პერიოდებიც, ე.წ. cluster feeding.

“ბავშვი სულ ძუძუს ითხოვს!“ - ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ რძე არ გყოფნით. ახალშობილებს პატარა კუჭი აქვთ და რძე სწრაფად გადამუშავდება. გარდა ამისა, ხშირი წოვა თავად ეხმარება რძის გამომუშავების სტიმულირებას. შეიძლება ერთ დღეს ბავშვმა ჩვეულებრივზე ბევრად ხშირად მოითხოვოს ძუძუ. შეიძლება რამდენიმე საათის განმავლობაში თითქმის მუდმივად სურდეს კვება. ძუძუს მოთხოვნა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ბავშვს შია. თქვენთან სიახლოვე მას ეხმარება დამშვიდებაში.

თუ მკერდი რბილი გახდა, რძე შემცირდა?

არა.

პირველ დღეებში, როდესაც რძის რაოდენობა სწრაფად იცვლება, მკერდი შეიძლება ძალიან სავსე, მძიმე და დაჭიმული იყოს. რამდენიმე კვირის შემდეგ კი მკერდი შეიძლება გახდეს ბევრად უფრო რბილი და ბუნებრივი. რბილი მკერდი არ ნიშნავს ცარიელ მკერდს. რძე მუდმივად გამომუშავდება და კვების დროსაც განახლდება. ამიტომ მკერდის სიმკვრივე ან ის, თუ რამდენად „სავსედ“ გრძნობთ მას, არ არის სანდო საზომი იმისა, რამდენ რძეს იღებს ბავშვი.

რამ შეიძლება შეამციროს რძის გამომუშავება?

რძის რაოდენობა ზოგჯერ მართლაც შეიძლება შემცირდეს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზებია:

მკერდის არასაკმარისი ან არაეფექტური დაცლა. მაგალითად, თუ ბავშვი იშვიათად იკვებება, უჭირს სწორად მოჭიდება ან დედა და ბავშვი ხშირად არიან დაშორებული და გამოწველა არ ხდება იმ სიხშირით, რა სიხშირითაც ბავშვი ჩვეულებრივ ჭამდა, შესაძლოა რძის რაოდენობა თანდათან შემცირდეს.

დამატებითი/შერეული კვება. ბავშვი ნაკლებად წოვს ძუძუს და ამ დროს მკერდიდან რძეც ნაკლებად გამოიწველება, ორგანიზმმა შეიძლება მიიღოს სიგნალი, რომ ნაკლები რძეა საჭირო. ზოგიერთ სიტუაციაში დამატებითი კვება შეიძლება სამედიცინო მიზეზით იყოს საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ თუ დამატებითი კვება გჭირდებათ და გსურთ ძუძუთი კვების გაგრძელება, თქვენს ექიმთან ან ლაქტაციის სპეციალისტთან ერთად შეადგინოთ ისეთი გეგმა, რომელიც ბავშვის კვებით საჭიროებებსაც უზრუნველყოფს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, რძის გამომუშავებასაც შეუწყობს ხელს.

ღამის კვებების გამოტოვება. ლაქტაციის ჩამოყალიბების პირველ კვირებში ღამის კვებაც რძის გამომუშავების საერთო სტიმულაციის ნაწილია და მნიშვნელოვანია ლაქტაციის შენარჩუნებისთვის. მხოლოდ იმიტომ, რომ „დღის განმავლობაში საკმარისად ჭამა“, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ნიშნავდეს, რომ მკერდი ნაკლებად ხშირად სტიმულირდება.

თუ გაქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ რძის რაოდენობა არასაკმარისია, პირველი ნაბიჯი ხშირად არის არა რომელიმე სპეციალური საკვების ან სასმელის დამატება, არამედ კვების პროცესის შეფასება.

შეიძლება დაგეხმაროთ:

✔ უფრო ხშირად შესთავაზოთ ძუძუ ბავშვის შიმშილის ადრეული ნიშნებისას

✔ შეამოწმოთ ბავშვის მოჭიდება

✔ დარწმუნდეთ, რომ ბავშვს კვებისას ნამდვილად ისმის ყლაპვა

✔ თუ ბავშვი ვერ წოვს, გამოიწველოთ რძე იმ სიხშირით, რა სიხშირითაც ბავშვი ჩვეულებრივ იკვებებოდა

✔ ხშირად გქონდეთ კანით-კანთან კონტაქტი

✔ საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ ლაქტაციის სპეციალისტს

რძის გამომუშავების მთავარი მექანიზმი მკერდის რეგულარული და ეფექტური სტიმულაცია და რძის მოცილებაა. ამიტომ კონკრეტულ პროდუქტზე (ჩაი, ორცხობილა, საკვები ან სხვა) დაყრდნობამდე მნიშვნელოვანია გაირკვეს, რეალურად იღებს თუ არა ბავშვი რძეს ეფექტურად და რამდენად ხშირად ხდება მკერდის სტიმულაცია.

გახსოვდეთ, რძის რაოდენობა არ არის ფიქსირებული რიცხვი, რომელიც ან გაქვთ, ან არ გაქვთ. თქვენი ორგანიზმი ბავშვის საჭიროებებს ერგება. ბავშვის ხშირი და ეფექტური წოვა არის ერთ-ერთი მთავარი სიგნალი, რომ ორგანიზმმა რძის გამომუშავება გააგრძელოს.

ამიტომ:

ხშირად ითხოვს ძუძუს ≠ აუცილებლად არ ჰყოფნის რძე. რბილი მკერდი ≠ რძე აღარ მაქვს. ტუმბოთი ცოტა გამოვიდა ≠ ბავშვი ცოტას იღებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა ერთი ცალკეული ნიშანი, არამედ ბავშვის კვების, საფენების, ზრდისა და საერთო მდგომარეობის სურათი.

და თუ ეჭვი მაინც გაქვთ — დახმარების თხოვნა სისუსტე არ არის. შეგახსენებთ, ლაქტაცია არის პროცესი, რომელსაც თქვენ და თქვენი ბავშვი ერთად სწავლობთ. ❤️