თქვენს პატარას უკვე ახსოვს. არა ისე, როგორც თქვენ გახსოვთ, ჯერ არც სურათებით და არც ისტორიებით, არამედ მშვიდი, სტაბილური გზით, რომელიც დაბადებამდე დაიწყო და ერთად გატარებულ ყოველ ჩვეულებრივ დღესთან ერთად იზრდება.

დაბადებამდეც კი, ჩვილები სწავლობენ და იმახსოვრებენ ინფორმაციას სამყაროს შესახებ, მათ შორის, დედის ხმის ჟღერადობას. ხმა, რომლისკენაც თქვენმა პატარამ სიცოცხლის პირველ დღეებში თავი მიაბრუნა, ახალი არ ყოფილა. ეს ის ხმა იყო, რომელიც მან უკვე იცოდა.

პირველივე დღეებში ახალშობილი აკვირდება ნებისმიერ სახეს, ან ყველაფერს, რასაც აქვს თმის ხაზი, თვალები და ნიკაპი. დაახლოებით სამი თვისთვის ჩვილები ასხვავებენ რეალურ სახეებს დახატულისგან, ნაცნობს უცნობისგან.

ჩვილის მეხსიერების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მტკიცებულება საოცრად მარტივი ექსპერიმენტიდან მოდის. ბავშვის კოჭს საწოლზე დაკიდებულ მოძრავ სათამაშოსთან (მობილთან) ლენტით აკავშირებდნენ, ასე რომ, ფეხის ქნევით სათამაშო მოძრაობდა. ჩვილებმა ეს სწრაფად ისწავლეს. მკვლევრებს კი შეეძლოთ დაენახათ, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს მოგონება.

2-3 თვის ჩვილებს ინფორმაცია 1-2 დღის განმავლობაში ახსოვდათ. 6 თვის ჩვილებს — დაახლოებით ორი კვირა. 18 თვისთვის კი — სამ თვემდე. დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც ბავშვს შეუძლია მეხსიერების შენარჩუნება, პირველი წელიწად-ნახევრის განმავლობაში სტაბილურად იზრდება. ასაკის მატებასთან ერთად, მათ ნაკლები დრო სჭირდებათ რაღაცის ასათვისებლად და უფრო ნელა ივიწყებენ.

დაახლოებით ექვსი თვიდან ჩვილებს შეუძლიათ უყურონ ზრდასრულის ქმედებას და გარკვეული დროის შემდეგ გაიმეორონ ის. ეს უნარი პირველი ორი წლის განმავლობაში სტაბილურად ძლიერდება. 6 თვის ჩვილს სჭირდება მთელი წუთის განმავლობაში დაკვირვება, რათა ერთი დღის შემდეგ მაინც შეძლოს ქმედების გამეორება. 9 თვის ჩვილს შეუძლია გაიმეოროს წინა დღეს ნანახი ქმედება. 18 თვის ბავშვს შეუძლია მოქმედებათა მოკლე თანმიმდევრობა კვირების განმავლობაში შეინარჩუნოს. ხელის დაქნევა, ტაშის დაკვრა თუ სათამაშო ტელეფონით დარეკვის იმიტაცია. ეს ყველაფერი მეხსიერების მუშაობის შედეგია.

პირველი წლის მეორე ნახევარში თქვენი პატარა აცნობიერებს, რომ ნივთები მაინც არსებობს, მაშინაც კი, როცა მათ ვერ ხედავს. თავდაპირველად ის დახმარებით პოულობს ნაწილობრივ გამოჩენილ სათამაშოს; ერთი-ორი თვის შემდეგ კი ეძებს მას, რომელიც სრულიად დამალულია.

ჭიტას თამაშს ორი იდეა აქვს ერთდროულად: (1) თვალთახედვიდან მიფარებული რამ მაინც არსებობს, და (2) შეგიძლია დაელოდო იმას, რაც შემდეგ მოხდება. ეს ავარჯიშებს მეხსიერებას, მოლოდინსა და ნდობას. საბავშვო ლექსებიც იმავეს აკეთებს. დაახლოებით სამი თვიდან ჩვილები იწყებენ მოძრაობების სწავლასა და მათ წინასწარ განჭვრეტას.

მეხსიერების ორი ტიპი, და რატომ არ გახსოვთ ჩვილობის პერიოდი

ზრდასრულებს თითქმის არაფერი ახსოვთ სიცოცხლის პირველი ორი წლიდან. ეს ნორმალურია და მას თავისი სახელი აქვს: ინფანტილური (ჩვილობის) ამნეზია. კონკრეტული პირადი მოვლენების მეხსიერების ჩამოყალიბება იწყება სიცოცხლის მეორე წელს, დაახლოებით 18-დან 24 თვემდე.

ამავდროულად, მეხსიერების მეორე ტიპი მთელი ამ ხნის განმავლობაში გასაოცარი სისწრაფით ვითარდება: სიტყვების ცოდნა, სახეების ცნობა, იმის ცოდნა, თუ როგორ მიმდინარეობს ბანაობა და რა ხდება ბანაობის შემდეგ. ამ ტიპის ცოდნა არ არის დამოკიდებული კონკრეტული მოვლენების დამახსოვრებაზე და ის ყოველდღიურად ყალიბდება.

ასე რომ, მართალია, თქვენს პატარას დღევანდელი დღის ფოტოგრაფიული კადრი არ დარჩება, მაგრამ დღევანდელი დღე დაკარგული არ არის. ის ილექება ყველაფერში, რაც მან იცის, მის სიტყვებში, მის მოლოდინებში, მისი დღის განრიგსა და იმ განცდაში, თუ რამდენად უსაფრთხოა სამყარო მისთვის.

ნაწილი, რომელიც რჩება

პირველი წლის მიწურულს თქვენს პატარას უკვე შეუძლია იცნოს და დაიმახსოვროს არა მხოლოდ სახეები, არამედ სახის გამომეტყველებაც. თავდაპირველად ეს შთაბეჭდილებები ცალკეული ფოტოსურათებივით ინახება. თანდათან, მსგავსი მომენტების განმეორებასთან ერთად, ეს კადრები ერთიანდება ხანგრძლივ, ემოციით დატვირთულ ხატებად. წლების შემდეგ, როდესაც ცხოვრება მოიტანს სიტუაციას, რომელიც ამ გრძნობებს გააღვიძებს, ის ამ მარაგს ისე გამოიყენებს, რომ არც კი ეცოდინება, საიდან მოდის ეს.

ეს ხატებები ყალიბდება იმ ჩვეულებრივი, ყოველდღიური ზრუნვისგან, რასაც მის მიმართ იჩენთ.

მცირე დეტალები, რომლებიც ეხმარება პატარას მეხსიერების განვითარებაში

  • გაიმეორეთ. ერთი და იგივე ლექსები, ერთი და იგივე წიგნები, ერთი და იგივე რუტინა. მეხსიერება სწორედ გამეორებით ყალიბდება.
  • მოკლედ და ხშირად, ნაცვლად ხანგრძლივისა და იშვიათისა. განმეორებადი მოკლე მომენტები უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ერთი ხანგრძლივი სესია.
  • დააბრუნეთ ნაცნობი ნივთები. ნაცნობ რამესთან მოკლე ხელახალი შეხვედრაც კი საკმარისია მოგონების გასაცოცხლებლად.
  • ეთამაშეთ ჭიტა.
  • მიეცით საშუალება, დააკვირდეს. ის, რაზეც ჩვილი ამახვილებს ყურადღებას, განსაზღვრავს იმას, რაც შემდგომში ეხსომება. ამიტომ, აუჩქარებელი მომენტი ერთ საინტერესო საგანთან უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ბევრ რამესთან ერთდროულად.
  • გაუფრთხილდით ძილს, სადაც ეს შესაძლებელია. ძილი ჩვილებს ეხმარება მიღებული ცოდნის შენარჩუნებასა და გააზრებაში.