საფენი, რომელსაც დღეს იყენებთ, რბილი, ფორმირებული, წამებში შესაკრავი, ჩვენი თაობის მეხსიერებაში შეიქმნა. მანამდე ათასობით წლის განმავლობაში მშობლები ფონს გადიოდნენ ხავსით, თიხით, ძველი ტანსაცმლითა და დიდი მოთმინებით.

სანამ საფენები გამოჩნდებოდა

ცივ რეგიონებში მშობლები იყენებდნენ იმას, რაც ჩვილს როგორც სითბოს, ისე სიმშრალეს უნარჩუნებდა. ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირის ჩუქჩები ცხოველის ტყავს იყენებდნენ: ბავშვებს სვამდნენ ბეწვის ტომრებში, რომლებსაც ხელებისა და ფეხებისთვის ცალკე ნახვრეტები და ფეხებს შორის დიდი სარქველი ჰქონდა. სარქველს მშრალი ხავსით ავსებდნენ და ყოველთვის ცვლიდნენ, როდესაც ბავშვი იტირებდა. ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთით, ინუიტები თითქმის იმავე გზით იყენებდნენ ხავსსა და სელაპის ტყავს, ბავშვს მას შემდეგ უცვლიდნენ “საფენს” რაც შინ, სითბოში შევიდოდნენ.

სხვაგან ამ ფუნქციას აკვნის დაფები ასრულებდა. ცენტრალური აზიის ზოგიერთი ძველი საზოგადოება, მათ შორის ქართველებიც, აგებდა აკვნებს პატარა მილებით, რომლებსაც შარდი აკვნის ძირში არსებული ხვრელით ქვემოთ მდგარ ჭურჭელში იწრიტებოდა.

ევროპის უმეტეს ნაწილში გამოსავალი ბავშვის მჭიდროდ გახვევა იყო. ეს პრაქტიკა ძვ. წ. 4000 წლისთვის დაიწყო და ინდუსტრიულ რევოლუციამდე ყველაზე გავრცელებულ მეთოდად რჩებოდა. ჩვილებს ბამბის ან სელის ნაჭრებში ახვევდნენ და ხშირად სამი ან მეტი დღის განმავლობაშიც კი არ უცვლიდნენ. იაპონიაში, ედოს პერიოდში (1603–1867), მშობლები თავიანთ გაცვეთილ კიმონოებს საფენის ფორმით ჭრიდნენ, რაც უკეთეს დაცვას უზრუნველყოფდა.

თბილ და ტენიან კლიმატში საფენებს ხშირად საერთოდ არ იყენებდნენ. ბევრი კულტურა მიმართავდა პრაქტიკას, რასაც დღეს „ბუნებრივ ჰიგიენას“ ვუწოდებთ. აფრიკული კულტურის წარმომადგენლები ჩვილებს კანით კანთან მჭიდრო კონტაქტში ატარებდნენ, რისი წყალობითაც დედები სწავლობდნენ იმ მცირე სიგნალების ამოცნობას, რომლებიც მოსაქმებამდე ვლინდებოდა, და ბავშვი საჭირო მომენტში ხელში ეჭირათ. სულ ახლახანამდე, ჩინელი დედები ძუძუთი კვებისას გრძნობდნენ ჩვილის ნაწლავების მოძრაობას და ახალშობილს დროულად იშორებდნენ; შედარებით მოზრდილ ბავშვებს კი ამოჭრილი შარვლები (kāidāngkù) ეცვათ. ვიეტნამში მშობლები დღის გარკვეულ მონაკვეთში სტვენის ხმას იყენებდნენ შეხსენების სახით და ხშირად ამოწმებდნენ ბავშვებს ნიშნების აღმოსაჩენად.

ერთჯერადი საფენი

1940-იანმა წლებმა პირველი ერთჯერადი საფენები მოიტანა. შვედეთში, 1942 წელს, Paulistróm Bruk-მა შექმნა საფენი ცელულოზის ფენებისგან, რადგან ომის დროს ბამბა ხელმისაწვდომი არ იყო: ცელულოზის ნაჭერი, რომელიც რეზინის ტრუსით მაგრდებოდა. აშშ-ში, 1946 წელს, მერიონ დონოვანმა გაჟონვის შესაჩერებლად პლასტმასის შალითა შექმნა, მან თავისი საკერავი მანქანით აბაზანის ფარდა დაჭრა. მან თავის დიზაინს „Boater“ უწოდა, რადგან ის ბავშვებს „წყალზე ტივტივში“ ეხმარებოდა.

1961 წელს ამერიკელმა ქიმიკოს-ინჟინერმა, ვიქტორ მილსმა, გამოუშვა Pampers-ი, რომელსაც ერთჯერადი ცელულოზის რბილობის გული ჰქონდა. შესაკრავებს კიდევ ერთი ათწლეული დასჭირდა: გვერდითი სამაგრები 1970-იან წლებში გამოჩნდა, ჯერ ფხრიწებიანი, ხოლო შემდეგ პლასტმასის ლენტებიანი, რომელთა გახსნა და დახურვა მრავალჯერ იყო შესაძლებელი.

ცვლილება, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონია ბავშვის კანზე, სრულიად მოულოდნელი მიმართულებიდან მოვიდა. 1960-იანი წლების დასაწყისში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ეძებდა ნიადაგში წყლის შეკავების გზებს და შექმნა სუპერ-შემწოვი მასალა, რომელსაც საკუთარ წონაზე ასჯერ მეტი სითხის შეწოვა შეეძლო. ადრინდელი ბოჭკოვანი აბსორბენტებისგან განსხვავებით, სითხეს უკან არ უშვებდა. ფრენკ კარლაილ ჰარმონმა და ბილი ჯინ ჰარპერმა ეს აღმოჩენა „სუპერ-შემწოვი“ ერთჯერადი საფენების შესაქმნელად გამოიყენეს, რის შემდეგაც სქელმა საფენმა ადგილი დაუთმო ჩვენთვის ნაცნობ უფრო თხელ, ქვიშის საათის ფორმას. ამ ცვლილებებმა ერთობლივად მნიშვნელოვნად შეამცირა გამოჟონვაც

საფენი, რომელიც თქვენს გამოსაცვლელ მაგიდაზე დევს, ათასობით წლის განმავლობაში იმ მშობლების შრომის შედეგია, რომლებიც ცდილობდნენ თავინათი შვილებისთვის სიმშრალე შეენარჩუნებინათ და იმ მეცნიერებ-გამომგონებლებისა, რომლებმაც ეს ესტაფეტა გააგრძელეს.