ორსულობის დროს ვიტამინებისა და მინერალების მიღებაზე ბევრი გვსმენია. მაგრამ რა ხდება ბავშვის გაჩენის შემდეგ? დედის ორგანიზმი ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ აღდგენას აგრძელებს, ამასთან, ლაქტაცია დამატებით საკვებ ნივთიერებებსაც მოითხოვს.

ძუძუთი კვების დროს დედის ორგანიზმი ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებს იყენებს როგორც საკუთარი საჭიროებების, ისე რძის წარმოქმნისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ძუძუთი კვების დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ მულტივიტამინი ან პრენატალური კომპლექსი. ჯანსაღი და მრავალფეროვანი კვება ბევრ საჭირო ნივთიერებას უზრუნველყოფს. მაგრამ ზოგიერთ ქალს მხოლოდ საკვებიდან საკმარისი რაოდენობის მიღება შეიძლება გაუჭირდეს — განსაკუთრებით მაშინ, თუ კვება შეზღუდულია, არსებობს დეფიციტი ან კონკრეტული ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რომელი ნივთიერებებია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

ლაქტაციის პერიოდში ყველა ვიტამინისა და მინერალის საჭიროება ერთნაირად არ იცვლება. განსაკუთრებული ყურადღება შეიძლება დასჭირდეს:

იოდი - იოდი საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოსაქმნელად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ზრდასა და ნევროლოგიურ განვითარებაში. მეძუძური ქალებისთვის იოდის რეკომენდებული დღიური რაოდენობა უფრო მაღალია, ვიდრე ორსულობამდე — დაახლოებით 290 მკგ დღეში. ამასთან, ყველა პრენატალური ან მულტივიტამინური კომპლექსი საკმარის იოდს არ შეიცავს, ამიტომ ეტიკეტის შემოწმება მნიშვნელოვანია.

B12 ვიტამინი - B12 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნერვული სისტემისა და სისხლის უჯრედების ნორმალური განვითარებისთვის. დედის B12-ის დეფიციტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის B12-ის მარაგზეც, რადგან ბავშვი ამ ვიტამინს დედის რძით იღებს. განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა ვეგეტარიანული ან ვეგანური კვების შემთხვევაში, რადგან B12-ის ძირითადი წყარო ცხოველური წარმოშობის საკვებია.

რკინა - ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ რკინის დეფიციტი საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ორსულობისას ანემია არსებობდა ან მშობიარობისას სისხლის მნიშვნელოვანი დანაკარგი იყო. მაგრამ, ყველა მეძუძურ ქალს ავტომატურად არ სჭირდება მაღალი დოზის რკინა. საჭიროება ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, განსაკუთრებით ანემიის ან რკინის დეფიციტის შემთხვევაში. WHO გარკვეულ გარემოებებში მშობიარობის შემდეგ 6–12 კვირის განმავლობაში რკინისა და ფოლიუმის მჟავის დამატებასაც რეკომენდაციას უწევს.

ქოლინი - ქოლინი მნიშვნელოვანია უჯრედების ფუნქციისა და ნერვული სისტემის განვითარებისთვის. ლაქტაციის დროს მისი რეკომენდებული დღიური რაოდენობა დაახლოებით 550 მგ-ია. ქოლინის კარგი წყაროებია კვერცხი, რძის პროდუქტები, ხორცი, თევზი, პარკოსნები და ზოგიერთი სხვა საკვები.

როგორ გავიგოთ, გვჭირდება თუ არა დანამატი?

ამის გასარკვევად რამდენიმე რამ არის მნიშვნელოვანი:

1. როგორ იკვებებით? რაც უფრო შეზღუდულია კვების რაციონი, მით უფრო მნიშვნელოვანია შესაძლო დეფიციტების შეფასება.

2. გქონდათ თუ არა ორსულობისას ანემია ან სხვა დეფიციტი?

3. როგორ ჩაიარა მშობიარობამ? მაგალითად, მნიშვნელოვანი სისხლის დანაკარგი ზრდის რკინის დეფიციტის რისკს.

4. გაქვთ თუ არა ისეთი მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლის საკვები ნივთიერებების შეწოვას?

5. ხართ თუ არა ვეგეტარიანელი ან ვეგანი?

ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება შეიძლება დასჭირდეს B12-ს, რკინას, იოდს, ქოლინს და ზოგიერთ სხვა საკვებ ნივთიერებას.

გაითვალისწინეთ, მრავალფეროვანი კვება ლაქტაციის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია და დანამატი არ უნდა აღიქვათ როგორც ჯანსაღი კვების შემცვლელი. ამავე დროს, „ჯანსაღად ვიკვებები“ და „ყველა მიკროელემენტს აუცილებლად საკმარისი რაოდენობით ვიღებ“ ერთი და იგივე არ არის. ზოგიერთ ქალს კონკრეტული საკვები ნივთიერების დამატება მაინც სჭირდება — რაც შეიძლება განისაზღვროს კვების თავისებურებების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭიროების შემთხვევაში ანალიზების მიხედვით.

და გახსოვდეთ: ლაქტაციის პერიოდში დედის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაწილიც არის. 💛