ალბათ ბევრ დედას ორსულობის დროს წარმოუდგენია, რომ ბავშვი დაიბადება, მიიკვრება მკერდზე და ყველაფერი ბუნებრივად, მარტივად და თავისით აეწყობა.
ზოგჯერ მართლაც ასე ხდება. მაგრამ უფრო ხშირად, არა ბავშვს შეიძლება გაუჭირდეს მოჭიდება, კვება გტკიოდეთ, გეგონოთ, რომ რძე არ გყოფნით, ბავშვი ხშირად ითხოვდეს ძუძუს, ან ექიმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დამატებითი კვება გირჩიოთ.
ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ რაღაცას არასწორად აკეთებთ.
ძუძუთი კვება ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მისი სწავლა დედასაც და ბავშვსაც უწევს. დახმარების საჭიროება ამ პროცესის ნორმალური ნაწილია.
თუ თავიდან არ გამოდის, ეს არ ნიშნავს, რომ ვეღარ გამოვა
პირველი დღეები და კვირები ხშირად სწავლის პერიოდია. თქვენ სწავლობთ: როგორ დაიკავოთ ბავშვი; როგორ დაინახოთ მისი შიმშილის ნიშნები; როგორ იგრძნოთ, რომ ის ნამდვილად ყლაპავს; როგორ იმუშაოს თქვენსმა სხეულმა რძის გამომუშავების გასაზრდელად.
ბავშვიც სწავლობს: პირის ფართოდ გაღებას; სწორად მოჭიდებას; წოვას; ყლაპვას.
ამიტომ ერთი რთული კვება, რამდენიმე რთული დღე ან თუნდაც პირველი რამდენიმე კვირის სირთულე არ განსაზღვრავს იმას, როგორ გაგრძელდება თქვენი ძუძუთი კვება. ხშირ შემთხვევაში პრობლემის მიზეზის აღმოჩენა და პრაქტიკული დახმარება სიტუაციას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
თუ ბავშვი სწორად ვერ ეჭიდება
არ არის აუცილებელი, რომ ტკივილით „გაუძლოთ“. თუ ბავშვის მოჭიდება ზედაპირულია, მხოლოდ ძუძუსთავზეა მოქცეული, კვების დროს გტკივათ, ძუძუსთავი კვების შემდეგ გაბრტყელებული ან შეცვლილი ფორმით გამოიყურება, ან ბავშვი ხშირად უშვებს ძუძუს — ღირს მოჭიდების შემოწმება. ზოგჯერ ერთი მცირე ცვლილება ბავშვის პოზიციაში ან მოჭიდებაში საკმარისია, რომ კვება გაცილებით კომფორტული გახდეს. თუ პრობლემა მუდმივია, დახმარების თხოვნა არ გადადოთ.
თუ დამატებითი კვება გახდა საჭირო
ზოგჯერ ბავშვისთვის დამატებითი კვება შეიძლება სამედიცინო მიზეზით გახდეს საჭირო. ეს არ ნიშნავს, რომ ძუძუთი კვება დასრულდა. თუ ბავშვი დროებით ვერ წოვს ეფექტურად, დედა და ბავშვი დაშორებულები არიან ან ექიმი დამატებით კვებას გირჩევთ, ლაქტაციის შენარჩუნებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს რძის გამოწველა ან ტუმბოს გამოყენება იმ სიხშირით, დაახლოებით, რა სიხშირითაც ბავშვი ჩვეულებრივ ჭამდა. რძის მოცილება სხეულს სიგნალს აძლევს, რომ რძის გამომუშავება გააგრძელოს.
ამ დროს მიზანი შეიძლება იყოს არა „იდეალურად ყველაფერი მხოლოდ ძუძუთი“, არამედ: ბავშვმა მიიღოს საკმარისი კვება და თქვენ მიიღოთ ისეთი მხარდაჭერა, რომელიც თქვენს მიზნებთან შესაბამის გზას დაგეხმარებათ.
და თუ ყველაფერი მაინც სხვაგვარად განვითარდა?
ზოგჯერ, მიუხედავად მცდელობისა და დახმარებისა, ძუძუთი კვება შეიძლება არ წარიმართოს ისე, როგორც დედას ჰქონდა დაგეგმილი. ეს შეიძლება ძალიან ემოციური იყოს. შეიძლება იგრძნოთ იმედგაცრუება, დანაშაულის განცდა, სევდა ან თითქოს რაღაც „ვერ შეასრულეთ“. მაგრამ თქვენი ბავშვისადმი სიყვარული, ზრუნვა და დედობა არ იზომება იმით, რამდენ ხანს ან რა ფორმით იკვებება ბავშვი ძუძუთი. ძუძუთი კვება მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროცესია, მაგრამ დედას არ უნდა უწევდეს არჩევანის გაკეთება ბავშვის კეთილდღეობასა და საკუთარ ფსიქიკურ თუ ფიზიკურ მდგომარეობას შორის.
მნიშვნელოვანია მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, მიიღოთ მხარდაჭერა და იზრუნოთ როგორც ბავშვზე, ისე საკუთარ თავზე.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გახსოვდეთ 💛
ძუძუთი კვება არ არის გამოცდა, რომელიც უნდა ჩააბაროთ.
თუ თავიდან რთულია — ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ვერ შეძლებთ.
თუ დახმარება დაგჭირდათ — ეს არ ნიშნავს, რომ ცუდად აკეთებთ.
თუ დროებით დამატებითი კვება გახდა საჭირო — ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა.
და თუ საბოლოოდ თქვენი გზა იმაზე განსხვავებული აღმოჩნდა, ვიდრე ორსულობის დროს წარმოიდგენდით — ეს არ ცვლის იმას, რომ თქვენ ხართ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი.
მთავარია, ბავშვი იყოს უსაფრთხოდ და სათანადოდ გამოკვებილი, თქვენ კი არ დარჩეთ მარტო პრობლემასთან.







