ზოგჯერ დედას შეიძლება ჰქონდეს არა რძის ნაკლებობის, არამედ პირიქით, ძალიან ბევრი რძის გამომუშავების პრობლემა. ერთი შეხედვით ეს შეიძლება სასიამოვნო ამბად ჩანდეს: „რძე ბევრი მაქვს, ეს ხომ კარგია?“ მაგრამ როდესაც რძის რაოდენობა მუდმივად აღემატება ბავშვის საჭიროებას, ჰიპერლაქტაციამ შეიძლება როგორც დედას, ისე ბავშვს შეუქმნას დისკომფორტი.

დიდი რაოდენობით რძე ყოველთვის არ ნიშნავს აუცილებლად ჰიპერლაქტაციას. ჰიპერლაქტაციაზე უფრო მაშინ ვსაუბრობთ, როდესაც რძის ჭარბი გამომუშავება მუდმივია და მას თან ახლავს დედის ან ბავშვის ნიშნები/პრობლემები.

როგორ მივხვდეთ, რომ რძე შესაძლოა ზედმეტად ბევრია?

ჰიპერლაქტაცია შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს.

დედასთან:

  • მკერდის მუდმივი გადავსება;
  • ხშირი გაჟონვა;
  • მკერდის გამაგრება;
  • განმეორებითი სადინრის პრობლემები;
  • ხშირი ან განმეორებითი ანთებითი ეპიზოდები;
  • დისკომფორტი მაშინაც კი, როცა ბავშვი რეგულარულად ჭამს.

ბავშვთან:

  • ძალიან სწრაფი ან ძლიერი რძის ნაკადის დროს გაჭირვულება;
  • ძუძუს ხშირად გაშვება კვების დროს;
  • ხველა ან ხრჩობის მსგავსი ეპიზოდები რძის სწრაფი წამოსვლისას;
  • მოუსვენრობა მკერდზე;
  • ხშირი ამოქაფვა;
  • გაზები ან მუცლის დისკომფორტი;
  • ძალიან მოკლე, მაგრამ ხშირი კვებები.

თუმცა არც ერთი ეს ნიშანი ცალკე ჰიპერლაქტაციის დიაგნოზს არ ნიშნავს. მაგალითად, ამოქაფვა, გაზები ან ხშირი კვება სრულიად ჯანმრთელ ჩვილსაც შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია მთელი სურათის შეფასება.

რატომ შეიძლება განვითარდეს ჰიპერლაქტაცია?

ჰიპერლაქტაციას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

1. ორგანიზმის ბუნებრივი რეგულაციის პერიოდი. პირველ კვირებში ორგანიზმმა ჯერ ზუსტად არ იცის, რამდენი რძე სჭირდება კონკრეტულ ბავშვს. ამიტომ შეიძლება დროებით იმაზე მეტი გამოიმუშაოს, ვიდრე ბავშვს სჭირდება. ხშირად ეს მდგომარეობა დროთა განმავლობაში რეგულირდება.

2. ზედმეტი გამოწველა. თუ დედა ბავშვის კვების შემდეგ ხშირად და დიდი რაოდენობით იწველის რძეს, სხეული იღებს სიგნალს, რომ მეტი რძის გამომუშავებაა საჭირო. შედეგად რძის გამომუშავება შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. ამიტომ, თუ გამოწველის მიზანი მხოლოდ მკერდის დაცლაა და სამედიცინო საჭიროება არ არსებობს, ზედმეტი გამოწველა შესაძლოა ჰიპერლაქტაციას უწყობდეს ხელს.

3. რძის გამომუშავების მასტიმულირებელი საშუალებები. ზოგიერთ შემთხვევაში გავლენა შეიძლება ჰქონდეს ზოგიერთ საშუალებებს ან პრეპარატებს, რომლებიც რძის გამომუშავების გაზრდას ემსახურება. თუ ასეთი საშუალების გამოყენების შემდეგ რძის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამის შესახებ ექიმს ან ლაქტაციის სპეციალისტს აუცილებლად უთხარით.

4. ინდივიდუალური მიზეზი. ზოგიერთ დედას ჰიპერლაქტაცია კონკრეტული გარეგანი მიზეზის გარეშეც შეიძლება განუვითარდეს. ასეთ შემთხვევაში მას იდიოპათიურ ჰიპერლაქტაციას უწოდებენ.

თუ ფიქრობთ, რომ ჰიპერლაქტაცია გაქვთ, ნუ შეეცდებით რძის სწრაფად „გამოშრობას“ რძის რაოდენობის მკვეთრად შემცირება შეიძლება არასასურველი შედეგებით დასრულდეს. ზედმეტმა შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • გადავსება;
  • სადინრის პრობლემები;
  • ტკივილი;
  • ანთება;
  • მასტიტი;
  • საბოლოოდ კი რძის რაოდენობის ზედმეტად შემცირება.

ამიტომ მიზანი არის ნელა და კონტროლირებულად მივიდეთ ბავშვის საჭიროებასთან შესაბამის რაოდენობამდე.

შეიძლება თუ არა ჰიპერლაქტაცია თავისით დარეგულირდეს?

დიახ, ხშირად.

განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ პირველ კვირებში რძის გამომუშავება შეიძლება თანდათან მოერგოს ბავშვის მოთხოვნილებას. ამიტომ ადრეული გადავსება ან ხშირი გაჟონვა ყოველთვის არ საჭიროებს აქტიურ მკურნალობას. ზოგჯერ საუკეთესო სტრატეგიაა: დრო + ბავშვის მოთხოვნაზე კვება + ზედმეტი სტიმულაციის თავიდან აცილება.