„ძუძუთი ვკვებავ — ეს წამალი შეიძლება დავლიო?“ ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვაა ახალბედა დედებში. პასუხი კი ყოველთვის უბრალოდ „კი“ ან „არა“ არ არის.

ბევრი მედიკამენტი დედის რძეში მართლაც გადადის, მაგრამ რძეში აღმოჩენა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პრეპარატი ბავშვისთვის საშიშია. უმეტეს შემთხვევაში რძეში მოხვედრილი რაოდენობა მცირეა და ბევრი მედიკამენტი თავსებადია ძუძუთი კვებასთან. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ არა მხოლოდ კონკრეტული წამლის შესახებ, არამედ როგორ გადაამოწმოთ ნებისმიერი მედიკამენტი სწორად.

პირველი წესი: „ძუძუთი ვკვებავ“ აუცილებლად უნდა იცოდეს ექიმმა და ფარმაცევტმა

როდესაც ექიმთან, სტომატოლოგთან ან ფარმაცევტთან მიდიხართ, ყოველთვის უთხარით, რომ ძუძუთი კვებავთ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ შეარჩიონ თავსებადი პრეპარატი, არამედ იმისთვისაც, რომ საჭიროების შემთხვევაში გაითვალისწინონ:

  • ბავშვის ასაკი; (ახალშობილის ორგანიზმი განსხვავებულად ამუშავებს ზოგიერთ ნივთიერებას, ვიდრე უფრო დიდი ბავშვის ორგანიზმი)
  • არის თუ არა ბავშვი დღენაკლული;
  • აქვს თუ არა ბავშვს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა;
  • სრულად ძუძუთი იკვებება თუ დამატებით იღებს ფორმულას;
  • რამდენად ხშირად და რა დოზით გჭირდებათ მედიკამენტი;
  • შეიძლება თუ არა პრეპარატმა გავლენა მოახდინოს რძის რაოდენობაზე.

მედიკამენტის შეფასებისას მხოლოდ დედის ორგანიზმში მისი მოქმედება არ განიხილება — მნიშვნელოვანია მისი შესაძლო გავლენაც ბავშვზე და ლაქტაციაზე.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

თუ კონკრეტული წამლის მიღება დაგჭირდათ, ნუ დაეყრდნობით მხოლოდ:

❌ „ინსტრუქციაში წერია, რომ ორსულებისთვის არ შეიძლება“ ❌ „ინტერნეტში წავიკითხე, რომ რძეში გადადის“ ❌ „ჩემმა მეგობარმა არ მიიღო ძუძუთი კვების დროს“ ❌ „ბუნებრივია, ამიტომ უსაფრთხოა“ ❌ „აფთიაქში მითხრეს, რომ შეიძლება“

ამის ნაცვლად, მოძებნეთ სანდო, სპეციალურად ლაქტაციისთვის განკუთვნილი ინფორმაცია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია LactMed®— აშშ-ის National Library of Medicine-ის მონაცემთა ბაზა, რომელიც კონკრეტული მედიკამენტებისა და სხვა ნივთიერებების შესახებ აგროვებს სამეცნიერო მონაცემებს. იქ შეგიძლიათ მოძებნოთ მედიკამენტი აქტიური ნივთიერების სახელით და ნახოთ:

  • რა რაოდენობით გადადის იგი დედის რძეში;
  • რა არის ცნობილი ბავშვის მიერ მისი მიღების შესახებ;
  • დაფიქსირდა თუ არა ბავშვებში გვერდითი ეფექტები;
  • შეიძლება თუ არა გავლენა მოახდინოს ლაქტაციაზე;
  • არსებობს თუ არა სხვა ვარიანტი, როდესაც ეს მნიშვნელოვანია.

LactMed-ის ინფორმაცია ეფუძნება სამეცნიერო ლიტერატურას და რეგულარულად ახლდება.

ყურადღება მიაქციეთ აქტიურ ნივთიერებას

ბრენდის სახელის ცოდნა ყოველთვის საკმარისი არ არის. ერთი და იგივე აქტიური ნივთიერება შეიძლება სხვადასხვა სავაჭრო სახელით იყიდებოდეს, ხოლო ერთი კომბინირებული პრეპარატი რამდენიმე აქტიურ ნივთიერებას შეიცავდეს. ამიტომ ინფორმაციის მოძიებისას სასურველია იცოდეთ: პრეპარატის დასახელება + აქტიური ნივთიერება + დოზა.

განსაკუთრებით ფრთხილად იყავით გაციების, ხველის, ტკივილისა და სხვა სიმპტომური საშუალებების შემთხვევაში - ზოგიერთ პროდუქტში რამდენიმე ნივთიერებაა გაერთიანებული.

ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს წესი მცენარეულ პრეპარატებთან, ჩაიებთან, საკვებ დანამატებთან და ე.წ. „რძის მომყვან“ პროდუქტებთან მიმართებით. თუ ნივთიერებას მედიკამენტის სტატუსი არ აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ მისი უსაფრთხოება ძუძუთი კვების დროს კარგად არის შესწავლილი. ზოგიერთ მცენარეულ პროდუქტზე საკმარისი მონაცემი საერთოდ არ არსებობს. ამიტომ: „ბუნებრივია პრეპარატი“ არ ნიშნავს „უსაფრთხოს ლაქტაციის დროს“.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ 💛

ძუძუთი კვება არ ნიშნავს, რომ ავად გახდომის შემთხვევაში მკურნალობის გარეშე უნდა დარჩეთ. ზოგჯერ დედის დაავადების ან ტკივილის მკურნალობა თავად არის მნიშვნელოვანი, ამიტომ გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს დედისა და ბავშვის შესაძლო სარგებლისა და რისკების ერთობლივი შეფასებით.

დღეს არსებული მონაცემებით, მედიკამენტების უმეტესობა არ მოითხოვს ძუძუთი კვების შეწყვეტას. მთავარი არის კონკრეტული პრეპარატის სწორად შეფასება და საჭიროების შემთხვევაში ისეთი ვარიანტის შერჩევა, რომელიც თავსებადია ლაქტაციასთან.

ამიტომ, როდესაც წამლის მიღება დაგჭირდებათ, გაიხსენეთ მარტივი ალგორითმი:

ვკვებავ ძუძუთი → ვეუბნები ექიმს/ფარმაცევტს → ვამოწმებ აქტიურ ნივთიერებას → ვეძებ სანდო ლაქტაციის წყაროში → საჭიროების შემთხვევაში ვიღებ პროფესიულ რჩევას.