კვლევებმა გამოავლინა რომ ახალშობილისთვის შეხება ისეთივე აუცილებელია ჯანსაღი განვითარებისთვის, როგორც ვიტამინები. თითქმის ყველა ჩვილს სიამოვნებს ნაზი მასაჟი.

შეხება თქვენი პატარასთვის არამხოლოდ სასიამოვნოა, მას ასევე აქვს რეალური სარგებელი. „კანი კანთან“ კონტაქტი ამშვიდებს ახალშობილს, ეხმარება მას უფრო ღრმად ისუნთქოს, რის შედეგადაც მეტ ჟანგბადს ითვისებს. როგორც ახალშობილები, ისე შედარებით მოზრდილი ჩვილები, სიამოვნებით რეაგირებენ თბილ, ნაზ შეხებაზე.

მასაჟი ადუნებს თქვენს პატარას და, ამავდროულად, ამყარებს ემოციურ კავშირს თქვენს შორის. ასევე ცნობილია, რომ ის ხელს უწყობს მშვიდ ძილსა და კარგ მონელებას.

როგორია მარტივი მასაჟი სახლის პირობებში

დააწვინეთ თქვენი პატარა ზურგზე, რბილ პირსახოცზე თბილ ოთახში, წაისვით ცოტაოდენი ზეთი ხელებზე და მსუბუქად მოუსვით ხელი კანზე.

  • თავი და სახე. მოეფერეთ თავზე ორივე ხელით. შემდეგ დაუმასაჟეთ შუბლი, ცენტრიდან გარეთა მიმართულებით. გადაატარეთ თითები წარბებსა და ლოყებზე ყურების მიმართულებით, შემდეგ კი ცერა თითებით მოეფერეთ სახის გვერდებს.
  • გულმკერდი. ჩამოიტარეთ ხელები გულმკერდზე და გაშალეთ ნეკნების გასწვრივ გვერდებზე. ხელების აუღებლად, წრიული მოძრაობით დააბრუნეთ ისინი გულმკერდის ცენტრში.
  • ხელები და თითები. დაუმასაჟეთ თითო მკლავი: დაიწყეთ მხრიდან და ჩამოყევით თითებამდე ნაზი მოსმითა და მსუბუქი მოჭერით. ცერა თითებით დაუმასაჟეთ ხელისგულები და ძალიან ფრთხილად გაატარეთ თითოეული თითი თქვენს თითებს შორის.
  • ფეხები და ტერფები. დაუმასაჟეთ თითო ფეხი: დაიწყეთ ბარძაყიდან და ჩამოყევით ქვემოთ, ნაზი მოსმითა და მსუბუქი მოჭერით ტერფამდე. ცერა თითებით დაუმასაჟეთ ტერფის გულები და ფრთხილად გაატარეთ თითოეული ფეხის თითი თქვენს თითებს შორის.
  • ესაუბრეთ მასაჟის დროს. აღწერეთ, რას აკეთებთ, დაასახელეთ სხეულის ნაწილები შეხებისას, იმღერეთ იავნანა ან უბრალოდ წასჩურჩულეთ თბილი სიტყვები. პირველ კვირებში მხოლოდ ხელისგულების მასაჟიც სრულიად საკმარისია: ფრთხილად გაუშალეთ პატარას ხელისგულები და მოეფერეთ, სანამ ელაპარაკებით ან მშვიდ მუსიკას რთავთ. უფრო სრულყოფილი მასაჟი ხშირად შესანიშნავად ერგება ძილის წინ პროცედურებს, ბანაობის შემდეგ.

უსაფრთხოების წესები

  • შეინარჩუნეთ სითბო ოთახში. თქვენი პატარა გახდილი იქნება, პატარა ჩვილები კი სითბოს ადვილად კარგავენ.
  • ყურადღებით შეარჩიეთ ზეთი. გამოიყენეთ მცენარეული ან საკვებად ვარგისი ზეთი, მაგალითად, ზეითუნის ზეთი. ჰკითხეთ თქვენს პედიატრს, რომელი ზეთია საუკეთესო თქვენი ჩვილისთვის და მოერიდეთ ზეთებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, არაქისის, პარაფინის, სეზამის და ეთერზეთებს.
  • იყავით ნაზი. ჯერ ნელი, მსუბუქი მოსმები; ოდნავ უფრო მტკიცე მხოლოდ მაშინ, თუ პატარას ეს სიამოვნებს. ახალშობილის კანი ძალიან მგრძნობიარეა ფაქტურის, ტენიანობის, ზეწოლისა და ტემპერატურის მიმართ.
  • არასდროს დატოვოთ ჩვილი უყურადღებოდ გამოსაცვლელ მაგიდაზე ან საწოლზე. ჩვილები იმაზე მეტს მოძრაობენ და ფართხალებენ, ვიდრე ველოდებით.

თუ თქვენი პატარა წრიალებს და ტირის შეწყვიტეთ მასაჟი.