ღამის საათებში, როდესაც ბავშვს ღვიძავს, მშობლების უმეტესობა თავს ყველაზე ნაკლებად თავდაჯერებულად გრძნობენ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ რჩევები, რომლებიც ყველამ მემკვიდრეობით მივიღეთ, იმაზე ბევრად უფრო ახალი და ბევრად უფრო შემთხვევითია, ვიდრე გვგონია.

ძილის ვარჯიშის იდეა დაახლოებით 130 წლისაა

1800-იანი წლების ბოლომდე, ბავშვის დაძინების შესახებ ინსტრუქციებს არავინ წერდა. ცოდნა ჩვილების შესახებ დედებს, ბებიებსა და მეზობლებს შორის გადაიცემოდა და ითვლებოდა, რომ ნორმალურია თუ ჩვილები ღამით იკვებებიან და იღვიძებენ.

ეს შეიცვალა, როდესაც ჩვილზე ზრუნვა სამედიცინო სფეროდ იქცა. მშობიარობამ სახლებიდან საავადმყოფოებში გადაინაცვლა და მშობლებმა დახმარებისთვის საკუთარი ოჯახების ნაცვლად ექიმებს მიმართეს.

1894 წელი: ამერიკელმა პედიატრმა ლუთერ ემეტ ჰოლტმა გამოაქვეყნა „ბავშვების მოვლა და კვება“ (The Care and Feeding of Children), პატარა სახელმძღვანელო, რომელიც დაწერილი იყო როგორც კითხვა-პასუხი დედებისა და ექთნებისთვის. მან ჩამოაყალიბა მკაცრი, საათებზე დაფუძნებული კვება და ძილი, გვასწავლა, რომ ღამის კვება ღამის გაღვიძების მიზეზი იყო და ურჩია, რომ ბავშვს,რომელიც ძილის წინ ტირის, „უბრალოდ უნდა მიეცეს უფლება ბოლომდე იტიროს“ (cry it out). იმავე წიგნის მოგვიანებით გამოცემებში ამისთვის კონკრეტული დრო იყო მითითებული: ამას ხშირად ერთი საათი სჭირდება, ზოგჯერ კი ორი ან სამი.

1928 წელი: ფსიქოლოგმა ჯონ ბ. უოტსონმა, ბიჰევიორიზმის ფუძემდებელმა, იგივე იდეა განავითარა წიგნში „ჩვილისა და ბავშვის ფსიქოლოგიური მოვლა“ (Psychological Care of Infant and Child) და მოუწოდა მშობლებს ემოციური დისტანციის დაცვისკენ: არასოდეს ჩაეხუტოთ და აკოცოთ, არასოდეს მისცეთ უფლება თქვენს კალთაში იჯდეს, დილით ხელის ჩამორთმევა და ღამით შუბლზე კოცნა საკმარისია.

ეს ორი წიგნი თითქმის ყველა თანამედროვე ძილის სწავლების მეთოდის სათავეა.

რატომ გახდა ძილის ვარჯიში პოპულარული

ანთროპოლოგმა სესილია ტომორიმ გამოიკვლია, თუ როგორ გაიყო იდეურად ძუძუთი კვება და ჩვილის ძილი (ორი რამ, რაც ფიზიოლოგიურად არის დაკავშირებული ერთმანეთთან) და გადაეცა სხვადასხვა სამედიცინო სპეციალისტს. ოჯახები დარჩნენ საზოგადოების იმ საერთო ცოდნის გარეშე, რომელიც ადრე ხსნიდა, თუ როგორ ერწყმის კვება და ძილი ღამით ერთმანეთს, რაც არის იმის დიდი მიზეზი, რომ ღამის კვება კვლავაც ასე მოულოდნელია მრავალი მშობლისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს იდეები განვითარდა თეთრ, დასავლურ,ინდუსტრიალიზებულ საზოგადოებებში. სწორედ იმავე ათწლეულებში, კოლონიზებულ ერებში, კოლონიზატორები ადგილობრივ ოჯახებს იძულებით აშორებდნენ შვილებს და პანსიონატებში ამწესებდნენ. მათ მგრძნობიარე, ახლო კონტაქტზე დაფუძნებულ ზრუნვას ჩამორჩენილად მიიჩნევდნენ. ეს ისტორია არასასიამოვნოა, მაგრამ ის იმის ნაწილია, თუ როგორ იქცა ჩვილის „დამოუკიდებელი“ ძილი სტანდარტად.

1985 წელი: ძილის ვარჯიშის იდეა უმეტეს ოჯახებში შევიდა დოქტორ რიჩარდ ფერბერის წიგნით „გადაჭერით თქვენი ბავშვის ძილის პრობლემები“ (Solve Your Child's Sleep Problems), რომელიც იმდენად პოპულარული იყო, რომ „ფერბერიზაცია“ (Ferberizing) ყოველდღიურ მეტყველებაში შევიდა. სწორედ 1985 წლიდან ჰპოვა ძილის ვარჯიშმა ფართო გავრცელება მთელ მსოფლიოში.

ერთი დაკვირვება არის ძალიან მნიშვნელოვანი ძილის ვარჯიშთან დაკავშირებით. ზოგადად ჩვილის ძილის რუტინის ირგვლივ არსებული მსჯელობა იშვიათად ეხებოდა თავად ჩვილებსა და მათ საჭიროებებს. ის ეფუძნებოდა საოჯახო მეურნეობებს. დედის სათანადო ყურადღება მის ქმარსა და სახლს ეკუთვნოდა. ბავშვი, რომელიც მის ღამეებს იკავებდა, იყო პრობლემა, რომელიც უნდა გადაჭრილიყო. ამის პარალელურად არსებობდა კერძო ცოლ-ქმრული საძინებლის იდეალი და რწმენა, რომ დამოუკიდებლობა ის თვისებაა, რომელიც ბავშვს ადრეულ ასაკში უნდა ასწავლო, და არა ის, რაც თავისით ვითარდება.

რას ნიშნავს ეს თქვენთვის ამაღამ

პრაქტიკულად, ძალიან ცოტას. თქვენი ბავშვი მაინც გაიღვიძებს, თქვენ მაინც დაიღლებით და 1894 წლის წიგნის ისტორია დილის 3 საათს არ შეამოკლებს.

მაგრამ ამან შეიძლება ერთი კონკრეტული ტვირთი შეგიმსუბუქოთ. თუ თქვენი ბავშვი ხშირად იღვიძებს, ღამით თქვენთან ყოფნა უნდა და თქვენთან ყველაზე კარგად მშვიდდება, ეს არ არის ჩვევა, რომელიც მხოლოდ თქვენს შვილს ახასიათებთ და არც იმის ნიშანია, რომ რაღაც არასწორად მიდის. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ფაზა, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება.