თუ ბოთლების გარეცხვა და სტერილიზაცია თქვენი დღის ყველაზე დამღლელ ნაწილად გეჩვენებათ, ეს სრულიად ბუნებრივი რეაქციაა. კარგი ამბავი ის არის, რომ ეს იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
სიცოცხლის პირველ თვეებში თქვენი ჩვილის იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ყალიბდება, ხოლო რძე, როგორც დედის, ისე ხელოვნური, ბაქტერიების გამრავლებისთვის მოსახერხებელი გარემოა, განსაკუთრებით ოთახის ტემპერატურაზე. სწორედ ამიტომ მოითხოვს კვების ატრიბუტები განსაკუთრებულ ყურადღებას: ბოთლები, საწოვარები, ღრძილების მასაჟორები, თავსახურები და მატყუარა საწოვრები.
რა ასაკამდე საჭიროებს ჩვილის ჭურჭელი და ატრიბუტები სტერილიზაციას?
რეკომენდაციები განსხვავდება. მშობლებისთვის განკუთვნილი ზოგიერთი სახელმძღვანელო პირველ 6 თვეს ასახელებს; გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სამსახურები კი სულ მცირე 12 თვის რეკომენდაციას იძლევიან. ორივე მიდგომა ფართოდ გამოიყენება და თქვენი პედიატრი საუკეთესო მრჩეველია სწორი არჩევანის გაკეთებაში.
ნაბიჯი, რომელზეც ყველანი თანხმდებიან: გარეცხვა
რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეს ნაწილი სადავო არ არის:
- გარეცხეთ ბოთლები და საწოვრები ცხელ, სპეციალური სარეცხი საშუალებით კვების დასრულებისთანავე. რაც უფრო დიდხანს რჩება რძის ნარჩენი ჭურჭელში, მით უფრო რთულია მისი მოშორება.
- გამოიყენეთ ბოთლის ჯაგრისი და კარგად გახეხეთ შიგნიდან. ერთ-ერთ ექსპერიმენტში 30-წამიანმა გახეხვამაც კი ბაქტერიების რაოდენობა უსაფრთხო დონემდე შეამცირა, ხოლო 60 წამმა კიდევ უფრო უკეთესი შედეგი აჩვენა.
- მხოლოდ წყლის გადავლება საკმარისი არ არის.
- გადაღვარეთ კვების შემდეგ ბოთლში დარჩენილი რძე, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს მოგვიანებით ისევ შესთავაზოთ.
რა სიხშირით?
ეს ის ნაწილია, რომელიც ყველაზე მეტ გაურკვევლობას იწვევს. ორი უმთავრესი ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ საკითხზე ვერ თანხმდება.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის ეროვნული სამსახური (NHS) გვირჩევს კვების ატრიბუტების სტერილიზაციას ყოველი გამოყენების წინ, სულ მცირე პირველი 12 თვის განმავლობაში. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (CDC) განსხვავებული პოზიცია აქვს: გარეცხეთ ბოთლები ყოველი კვების შემდეგ, ხოლო ყოველდღიური სტერილიზაცია საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ თქვენი ჩვილი 2 თვეზე ნაკლები ასაკისაა, დღენაკლულია ან შესუსტებული იმუნური სისტემა აქვს. შედარებით მოზრდილი, ჯანმრთელი ჩვილებისთვის, CDC-ის თქმით, ყოველდღიური სტერილიზაცია აუცილებელი არ არის, თუ ნივთები ყოველი გამოყენების შემდეგ გულდასმით ირეცხება. ამერიკის პედიატრიის აკადემია აღნიშნავს, რომ დღეს მშობლები და პედიატრები სტერილიზაციაზე ისე აღარ არიან ფოკუსირებულნი, როგორც ერთი თაობის წინ.
უთანხმოების მთავარი მიზეზი მტკიცებულებები სიმწირეა. ერთ-ერთმა სისტემურმა მიმოხილვამ დაასკვნა, რომ სახლის პირობებში კვების ატრიბუტების ეფექტური გარეცხვისა და სტერილიზაციის მეთოდების შესახებ მაღალი ხარისხის მტკიცებულებები არასაკმარისია. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს 2023 წლის მიმოხილვამ იპოვა მხოლოდ სამი კვლევა, რომელიც პირდაპირ სწავლობდა კავშირს სტერილიზაციის მეთოდსა და ჩვილების ჯანმრთელობას შორის, და ისინიც კი მცირე და არაზუსტი იყო.
თავად მწარმოებელთა უმეტესობა ჩვილის კვების ატრიბუტიკის სტერილიზაციას გვირჩევს 24 საათის განმავლობაში ერთხელ.
ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ გულდასმით გარეცხვის შემდეგ სტერილიზაცია საერთოდ არ არის აუცილებელი. ჩვილის გარემოდან ბაქტერიების გაქრობა შესაძლოა არ იყოს სასარგებლო მისი განვითარებადი იმუნური სისტემისთვის.
სტერილიზაციის მეთოდის არჩევა
ადუღება
- ჩაძირეთ გარეცხილი ნივთები წყალში და ადუღეთ 5–10 წუთის განმავლობაში;
- იაფია და ყოველთვის ხელმისაწვდომი; თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ხშირი ადუღება საწოვრებს უფრო სწრაფად ცვეთს.
ორთქლი (ელექტრო ან მიკროტალღური სტერილიზატორი)
- დაახლოებით 8 წუთი;
- კვლევებში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია; შიგთავსი სტერილიზებული რჩება, სანამ თავსახური დახურულია.
ულტრაიისფერი (UV) სტერილიზატორები ნაკლებად სანდოა, ვინაიდან სინათლე ვერ აღწევს ყველა ზედაპირამდე და დროთა განმავლობაში პლასტმასს აზიანებს.
რამდენიმე პრაქტიკული რჩევა
- სტერილიზებულ ნივთებთან შეხებამდე დაიბანეთ ხელები საპნით.
- მატყუარა საწოვრები და ღრძილების მასაჟორები იმავე პრინციპს ემორჩილება, გაწმინდეთ გამოყენებამდე.
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ერთი რამ ცხადია: თუ ერთხელ დაგავიწყდათ ან ინსტრუქციიდან ოდნავ გადაუხვიეთ, ეს კატასტროფა არ არის.







