გამოწველილი დედის რძე შეიძლება უსაფრთხოდ შეინახოთ და მოგვიანებით გამოიყენოთ, თუ დაიცავთ რამდენიმე მარტივ წესს.

გამოწველამდე:

1. დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.

2. მოამზადეთ სუფთა კონტეინერი.

3. თუ იყენებთ საწველს, მისი ნაწილები, რომლებიც რძეს ეხება, უნდა იყოს სათანადოდ გაწმენდილი და მოვლილი მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით.

არ არის საჭირო ძუძუს ან ძუძუსთავის სპეციალური დეზინფექცია ყოველი გამოწველის წინ — ჩვეულებრივი ჰიგიენა საკმარისია.

რძის შენახვის ვადა დამოკიდებულია ტემპერატურაზე. ჯანმრთელი, დროულად დაბადებული ბავშვისთვის CDC-ის რეკომენდაციებით

  • ოთახის ტემპერატურაზე — ≤25°C - 4 საათამდე
  • მაცივარში — დაახლოებით 4°C - 4 დღემდე
  • საყინულეში - დაახლოებით 6 თვე საუკეთესო ხარისხისთვის; 12 თვემდე მისაღებია

შეიძლება თუ არა ახალი და უკვე გაცივებული რძის ერთმანეთში შერევა?

აქ ერთი მნიშვნელოვანი წესი დაიმახსოვრეთ: თბილი, ახლად გამოწველილი რძე პირდაპირ უკვე გაცივებულ ან გაყინულ რძეს არ დაამატოთ. თუ გსურთ სხვადასხვა დროს გამოწველილი რძის გაერთიანება, ახალი რძე ჯერ მაცივარში გააგრილეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეურიეთ უკვე გაცივებულ რძეს. შერევისას გაითვალისწინეთ უფრო ძველი რძის თარიღი.

როგორ გავალღოთ გაყინული რძე?

გაყინული რძის გალღობისთვის საუკეთესო ვარიანტებია:

  • მაცივარში ნელ-ნელა გალღობა;
  • თბილი წყლის ქვეშ ან თბილ წყალში მოთავსება.

არ გააცხელოთ რძე მიკროტალღურ ღუმელში. მიკროტალღურმა შეიძლება რძე არათანაბრად გააცხელოს და წარმოიქმნას ძალიან ცხელი უბნები, რომლებმაც ბავშვის პირი შეიძლება დაწვას. ძლიერმა გათბობამ ასევე შეიძლება რძის ზოგიერთი სასარგებლო კომპონენტის შემცირება გამოიწვიოს. ასევე არ არის საჭირო რძის ადუღება.

რამდენ ხანს შეიძლება გალღობილი რძის შენახვა?

თუ გაყინული რძე მაცივარში გაალღეთ: მისი გამოყენება რეკომენდებულია გალღობიდან 24 საათის განმავლობაში. ეს 24 საათი ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც რძე სრულად გალღვება, და არა იმ მომენტიდან, როდესაც საყინულიდან მაცივარში გადაიტანეთ. ერთხელ სრულად გალღობილი რძე ხელახლა არ უნდა გაყინოთ.

ბავშვს შეგიძლიათ შესთავაზოთ:

  • ოთახის ტემპერატურის;
  • გრილი;
  • ან ოდნავ შეთმთბარი რძე.

თუ ბავშვს თბილი რძე ურჩევნია, კონტეინერი შეგიძლიათ მოათავსოთ თბილ წყალში. შეიძლება შეამჩნიოთ, რომ რძე რამდენიმე ფენად გაიყო: ზემოთ — უფრო ცხიმიანი ფენა, ქვემოთ — უფრო თხევადი ნაწილი. ეს ნორმალურია. გათბობის შემდეგ კონტეინერი მსუბუქად შეანჯღრიეთ ან გადაატრიალეთ, რათა ცხიმოვანი ნაწილი კვლავ შეერიოს რძეს. ძლიერი შენჯღრევა საჭირო არ არის.

ცალკე უნდა გავითვალისწინოთ სიტუაცია, თუ ბავშვმა ბოთლიდან დაიწყო და რძე დარჩა. ბავშვის პირის მიკრობები რძეში შეიძლება მოხვდეს. CDC-ის მიხედვით, დარჩენილი რძე ბავშვის კვების დაწყებიდან 2 საათის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ; ამის შემდეგ დარჩენილი რძე უნდა გადაღვაროთ. ამიტომ, განსაკუთრებით თუ მცირე რაოდენობით რძე გაქვთ, შეგიძლიათ ბავშვს თავიდან მცირე ულუფა შესთავაზოთ და საჭიროების შემთხვევაში დაამატოთ.

გამოწველილი რძით ბავშვის გამოკვებისას, მთავარია რამდენიმე ძირითადი პრინციპი დაიცვათ:

სისუფთავე → სწორი ტემპერატურა → სწორი ვადა → უსაფრთხო გალღობა და გაცხელება.