ბავშვის დაბადების შემდეგ პირველი შეხება განსაკუთრებული გამოცდილებაა.

ახალშობილს დაბადებიდანვე შეუძლია ამოიცნოს დედის ხმა, რომელსაც ორსულობის პერიოდში ყოველდღიურად ისმენდა. სწორედ ამიტომ, თქვენი მშვიდი ხმა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი და დამამშვიდებელი რამ არის.

ამ რამდენიმე წუთში იწყება ურთიერთობა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდება.

თუ ახალშობილს დაბადებისთანავე დედის მკერდზე აწვენენ, ამას კანით-კანთან კონტაქტი ეწოდება. ეს მხოლოდ თბილი ჩახუტება არ არის, ეს ბავშვის ჯანმრთელობისა და ადაპტაციის მნიშვნელოვანი ნაწილია.

პირველი საათი დაბადების შემდეგ ხშირად „ოქროს საათად“ მოიხსენიება. თუ ბავშვისა და დედის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, კანით-კანთან კონტაქტი ხელს უწყობს დედის რძის გამომუშავების სტიმულაციას, ხოლო ახალშობილში ძუძუს მოძებნის ბუნებრივი რეფლექსის გააქტიურებას. ზოგი ახალშობილი ამ დროს თავადაც იწყებს მკერდისკენ მოძრაობას და ძუძუს ძებნას.

დაბადების შემდეგ ახალშობილი სრულიად ახალ გარემოში ხვდება. იცვლება ტემპერატურა, ხმები, სინათლე და სუნთქვის პირობები. დედის სხეულთან ახლოს ყოფნა მას ეხმარება:

  • შეინარჩუნოს სხეულის ტემპერატურა;
  • უფრო მშვიდად მოერგოს ახალ გარემოს;
  • დაარეგულიროს სუნთქვა და გულისცემა;
  • იგრძნოს დედის ნაცნობი ხმა, გულისცემა და სუნი;
  • და რაც მთავარია, თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.

პირველი შეხება მხოლოდ ბავშვისთვის არ არის მნიშვნელოვანი. კანით-კანთან კონტაქტის დროს დედის ორგანიზმში აქტიურდება ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელსაც ხშირად „სიყვარულის ჰორმონს“ უწოდებენ. ოქსიტოცინი ხელს უწყობს:

  • დედისა და ბავშვის ემოციური კავშირის ჩამოყალიბებას;
  • რძის გამოყოფას;
  • საშვილოსნოს შეკუმშვას მშობიარობის შემდეგ;
  • დედის მოდუნებასა და სიმშვიდის შეგრძნებას.

ნორმალურია, თუ მაშინვე ვერ იგრძენით ის ძლიერი ემოცია, რომელსაც ხშირად აღწერენ. ყველა მშობელი და ყველა ბავშვი განსხვავებულია. კავშირი შეიძლება პირველივე წუთებში გაჩნდეს, ან ნელ-ნელა, ყოველდღიური ზრუნვის პროცესში გაღრმავდეს.

ზოგჯერ, სამედიცინო მიზეზების გამო, დედასა და ბავშვს დაბადებისთანავე ვერ აძლევენ კანით-კანთან კონტაქტის შესაძლებლობას. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს შორის კავშირი სუსტი იქნება ან რაიმე მნიშვნელოვანი გამოგრჩათ. პირველი ჩახუტება, თვალებში ყურება, საუბარი, კვება და ყოველდღიური ზრუნვა აძლიერებს თქვენს ურთიერთობას.

მშობელსა და შვილს შორის კავშირი ერთი მომენტით არ განისაზღვრება, ის ყოველდღიურად, პატარ-პატარა ურთიერთობებით ყალიბდება.