ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზები:

„ბავშვმა მხოლოდ წინა რძე დალია და ნოყიერი რძე ვერ მიიღო.“

„რძე ძალიან წყალივით გამოიყურება — ალბათ ნოყიერი არ არის.“

„ძუძუ აუცილებლად ბოლომდე უნდა დაიცალოს, რომ ბავშვმა უკანა, ცხიმიანი რძეც მიიღოს.“

ეს მოსაზრებები ძალიან გავრცელებულია, მაგრამ მათში ერთი მნიშვნელოვანი გაუგებრობა იმალება:

ძუძუს რძე არ იყოფა „ნოყიერ“ და „არანოყიერ“ რძედ.

არსებობს რძის შემადგენლობის ბუნებრივი ცვლილება კვების მიმდინარეობისას, მათ შორის ცხიმის შემცველობის მატება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დასაწყისში ბავშვი „არანოყიერ“ რძეს იღებს, ხოლო ბოლოს „ნოყიერს“.

მაინც, რა არის „წინა“ და „უკანა“ რძე?

ტერმინები foremilk („წინა რძე“) და hindmilk („უკანა რძე“) გამოიყენებოდა იმის აღსაწერად, თუ როგორ იცვლება რძის შემადგენლობა ძუძუთი კვების დროს. მარტივად რომ ვთქვათ: კვების დასაწყისში რძე შეიძლება საშუალოდ ნაკლებცხიმიანი იყოს. კვების მიმდინარეობისას რძეში ცხიმის კონცენტრაცია, როგორც წესი, იზრდება. ამიტომ კვების ბოლოს მიღებული რძე საშუალოდ უფრო ცხიმიანი შეიძლება იყოს. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია:

არ არსებობს მკაფიო მომენტი, როცა „წინა რძე“ მთავრდება და „უკანა რძე“ იწყება. ეს არის უწყვეტი ცვლილება და არა ორი სხვადასხვა ტიპის რძის მონაცვლეობა.

რატომ იზრდება ცხიმის რაოდენობა კვების დროს?

რძის ცხიმის შემცველობაზე გავლენას ახდენს ის, თუ რამდენად სავსეა ან დაცლილია მკერდი. როდესაც მკერდი უფრო სავსეა, ცხიმის ნაწილი რძის ცხიმის გლობულებთან ერთად უფრო მეტად რჩება რძის სადინრების კედლებზე. რძის მოცილების პროცესში ეს ცხიმი თანდათან ხვდება რძეში. ამიტომ, როდესაც მკერდიდან რძე უფრო აქტიურად მოიცლება, მიღებული რძე შეიძლება საშუალოდ უფრო მაღალი ცხიმის შემცველობის იყოს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ერთი კვების განმავლობაში რძის შემადგენლობა იცვლება.

თუმცა, დედის რძე თავიდანვე შეიცავს ბავშვისთვის საჭირო:

  • ცხიმებს;
  • ცილებს;
  • ნახშირწყლებს, მათ შორის ლაქტოზას;
  • ვიტამინებსა და მინერალებს;
  • ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტებს;
  • იმუნურ და დამცავ ფაქტორებს.

მისი შემადგენლობა დროთა განმავლობაში და კვების მიმდინარეობისას ბუნებრივად იცვლება. თუ ბავშვი ძუძუს ეფექტურად წოვს, ის კვების პროცესში რძის სხვადასხვა შემადგენლობის მიღებას ახერხებს.

ამიტომ, არ არის საჭირო საათის ყურება და ფიქრი:„ახლა უკვე უკანა რძეზე გადავიდა?“ ასევე არ არის საჭირო ბავშვის ერთ ძუძუზე გარკვეული წუთების განმავლობაში დატოვება მხოლოდ იმისთვის, რომ „უკანა რძემდე მივიდეს“. რძის ცხიმიანობა თანდათან იცვლება და არა კონკრეტულ წუთზე.

ნორმალურია, თუ ბავშვი ერთ კვებაზე ერთ ძუძუს ირჩევს და დიდხანს წოვს, ან ორივე ძუძუს ითხოვს, ან ხშირად, მაგრამ მოკლე პერიოდებით ჭამს. არ არსებობს უნივერსალური წესი, რომ ბავშვმა აუცილებლად 15, 20 ან 30 წუთი უნდა ჭამოს ერთი ძუძუდან. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ეფექტურად იღებდეს რძეს, ისმოდეს ყლაპვა და დროთა განმავლობაში ჰქონდეს ასაკისთვის შესაბამისი სველი საფენები და წონის მატება.

მოსაზრება, რომ “ წინა რძე არანოყიერია, უკანა რძე კი ნოყიერი.“ არასწორია

უფრო სწორი იქნება ვთქვათ: „დედის რძის შემადგენლობა კვების განმავლობაში იცვლება. ცხიმის შემცველობა, როგორც წესი, თანდათან იზრდება, მაგრამ არ არსებობს ორი მკაფიოდ განცალკევებული — კარგი და ცუდი, ან ნოყიერი და არანოყიერი — რძე.“

თქვენს ბავშვი იღებს დედის რძეს, რომელიც მისი კვებისა და განვითარებისათვის არის შექმნილი. ❤️

თუ გაწუხებთ, რომ ბავშვი საკმარის რძეს ვერ იღებს, ნუ ეცდებით ამის დადგენას რძის ფერის, სისქის ან გამოწველილი რძის ცხიმიანი ფენის მიხედვით. ამის შეფასებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ბავშვის კვების ეფექტურობა, საფენები და წონის დინამიკა.