ძუძუთი კვების დროს თქვენ ვერ ხედავთ, რამდენი მილილიტრი რძე მიიღო ბავშვმა. ამიტომ პირველ დღეებში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა სველი და ჭუჭყიანი საფენების დაკვირვება.
საფენები, რა თქმა უნდა, ერთადერთი მაჩვენებელი არ არის. მაგრამ მათი რაოდენობა და შიგთავსის ცვლილება, ბავშვის წონის დინამიკასთან, კვების სიხშირესთან და ყლაპვასთან ერთად, ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს.
დღეების მიხედვით, დასვრილი საფენების საორიენტაციო რაოდენობა დინამიკაში ასე გამოიყურება:
👶 დღე 1
სველი საფენი: მინიმუმ 1 განავალი: მინიმუმ 1
პირველი განავალი არის მეკონიუმი— ძალიან მუქი მწვანე ან თითქმის შავი, სქელი და წებოვანი მასა.
ეს არის ნორმალური პირველი განავალი და მისი არსებობა იმის ნიშანია, რომ ბავშვის ნაწლავები მუშაობს.
👶 დღე 2
სველი საფენი: მინიმუმ 2 განავალი: დაახლოებით 3 ან მეტი
განავალი კვლავ შეიძლება იყოს მუქი, თუმცა თანდათან იწყებს ფერის შეცვლას.
👶 დღე 3
სველი საფენი: დაახლოებით 5 განავალი: დაახლოებით 3
ამ დროისთვის განავალი ჩვეულებრივ უკვე იწყებს გადასვლას მუქი მწვანედან უფრო ღია მწვანე, მოყავისფრო ან მოყვითალო ფერისკენ.
👶 დღე 4
სველი საფენი: მინიმუმ 6 განავალი: დაახლოებით 3
სველი საფენების რაოდენობის ზრდა და განავლის თანდათანობით გაყვითლება კარგი ნიშანია, რომ რძის მიღება იზრდება.
👶 დღე 5–7
სველი საფენი: მინიმუმ 6 - 24 საათში განავალი: დაახლოებით 3 ან მეტი
ამ პერიოდში განავალი, ძუძუთი კვების შემთხვევაში განავალი შეიძლება საკმაოდ თხელი იყოს და ჰქონდეს პატარა მარცვლების მსგავსი ნაწილაკები. ეს დიარეას არ ნიშნავს. ასევე სრულიად შესაძლებელია, რომ პირველ კვირებში ბავშვმა თითქმის ყოველი კვების შემდეგ მოახდინოს განავლის გამოყოფა .
რატომ არის საფენები მნიშვნელოვანი?
სველი საფენი გვიჩვენებს, რომ ბავშვი იღებს სითხეს და შარდავს. განავლის რაოდენობისა და ფერის ცვლილება კი ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ რძის მიღება იზრდება და ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა ადაპტირდება. მნიშვნელოვანია ტენდენცია რამდენიმე დღის განმავლობაში. მაგალითად, თუ პირველ დღეს ერთი სველი საფენი ჰქონდა, მეორეზე ორი, შემდეგ კი რაოდენობა თანდათან იზრდება — ეს მოსალოდნელი დინამიკაა.
პირველ დღეებში ზოგჯერ შეიძლება საფენში ნახოთ ვარდისფერი, მოწითალო-ნარინჯისფერი ან „აგურის მტვრის“ მსგავსი ლაქები. ეს ხშირად შარდში არსებული ურატების კრისტალებია და სიცოცხლის პირველ დღეებში შეიძლება ნორმალური იყოს. თუმცა თუ ასეთი ლაქები პირველი რამდენიმე დღის შემდეგაც გრძელდება, აცნობეთ ბავშვის ექიმს. განსაკუთრებით თუ ამასთან ერთად სველი საფენების რაოდენობაც მცირეა.
პირველ დღეებში საფენის შიგთავსი ყოველდღიურად იცვლება — და სწორედ ეს ცვლილებაა მნიშვნელოვანი. თუ ეს ცვლილებები არ ხდება ისე, როგორც მოსალოდნელია, დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ ძუძუთი კვება არ გამოგივიდათ. პირიქით — ადრეული დახმარება ხშირად ყველაზე მარტივი გზაა იმისთვის, რომ კვება უფრო კომფორტული და ეფექტური გახდეს.







