ძუძუთი კვების დაწყების პირველ კვირებში ძუძუსთავების ტკივილი, მცირე მგრძნობელობა საკმაოდ ხშირია, რადგან ისინი ახალ დატვირთვას ეჩვევიან. განსაკუთრებით შეიძლება იგრძნოთ დისკომფორტი ბავშვის ძუძუზე მოჭიდების პირველ წამებში. მაგრამ კარგი მოჭიდების შემთხვევაში კვება შემდეგ უნდა გახდეს კომფორტული. ბავშვის წოვა შეიძლება იგრძნობოდეს, თუმცა ძლიერი, მჭრელი ან მუდმივი ტკივილი, ნახეთქები და სისხლდენა ნორმად არ უნდა ჩაითვალოს.

ტკივილი ხშირად გვანიშნებს, რომ რაღაცის გამოსწორება შესაძლებელია. თუ ტკივილი ყოველ კვებაზე მეორდება ან დროთა განმავლობაში ძლიერდება, მიზეზის მოძებნა მნიშვნელოვანია.

როგორ მივხვდეთ, რომ ტკივილი უკვე პრობლემაზე მიუთითებს?

ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი არის არასწორი მოჭიდება. ყურადღება მიაქციეთ, როგორია ტკივილი და როგორ გამოიყურება ძუძუსთავი კვების შემდეგ.

საყურადღებოა, თუ:

  • ტკივილი მთელი კვების განმავლობაში გრძელდება;
  • ტკივილი ყოველი კვებისას ძლიერდება;
  • ძუძუსთავზე ჩნდება ბზარი ან ჭრილობა;
  • ძუძუსთავიდან სისხლდენა გაქვთ;
  • კვების შემდეგ ძუძუსთავი გაბრტყელებული, დაკუჭული ან მკვეთრად შეცვლილი ფორმისაა;
  • ბავშვის მოშორების შემდეგ ძუძუსთავი თეთრდება ან ფერს მკვეთრად იცვლის;
  • ტკივილი კვების დასრულების შემდეგაც გრძელდება;
  • რამდენიმე დღის განმავლობაში მდგომარეობა არ უმჯობესდება.

ასეთ შემთხვევაში დახმარების მიღება სჯობს რაც შეიძლება ადრე — ხშირად პრობლემის მიზეზის აღმოჩენა და მოჭიდების მცირე კორექციაც კი დიდ განსხვავებას ქმნის.

თუ ბავშვი არასწორად არის მოჭიდებული, მისი დიდხანს ძუძუზე ყოფნა ტკივილს არ „გაავარჯიშებს“. გახსოვდეთ, ძუძუთი კვება არის უნარი, რომელსაც თქვენც და ბავშვიც ერთად სწავლობთ.

რა შეიძლება დაგეხმაროთ?

1. პირველ რიგში, შეამოწმეთ მოჭიდება

ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ბავშვი მოათავსეთ ისე, რომ მისი სხეული თქვენკენ იყოს მიბრუნებული და თავი არ ჰქონდეს გვერდზე მოტრიალებული. დაელოდეთ, სანამ პირი ფართოდ გაეხსნება და შემდეგ მიიყვანეთ ბავშვი მკერდთან.

2. არ დაელოდოთ ძლიერ ტკივილს

თუ თავიდანვე იგრძნობთ, რომ მოჭიდება არასწორია, ნუ დაელოდებით კვების დასრულებას. ფრთხილად მოაშორეთ ბავშვი და თავიდან სცადეთ.

3. ძუძუსთავების მოვლა მარტივად შეინარჩუნეთ

ძუძუსთავების ხშირი დაბანა საპნით ან ძლიერი საწმენდი საშუალებებით შეიძლება კანი უფრო გააღიზიანოს. ჩვეულებრივი ჰიგიენა საკმარისია.

4. თუ ტკივილი ძალიან ძლიერია, დახმარება ითხოვეთ

ლაქტაციის კონსულტანტს ან სხვა კვალიფიციურ სპეციალისტს შეუძლია რეალური კვების დაკვირვებით შეაფასოს ბავშვის მოჭიდება და წოვა. ხშირად პრობლემა ტექსტით აღწერაზე უკეთ სწორედ კვების პროცესის ნახვით ჩანს.

მცირე მგრძნობელობა პირველ დღეებში შეიძლება იყოს ნორმალური. ძლიერი ან მუდმივი ტკივილი — არა.

ტკივილის მიზეზი არასწორი მოჭიდების გარდა ასევე შეიძლება იყოს:

მკერდის გადავსება (engorgement) - ეს ხშირად დროებითია, რადგან ორგანიზმი რძის გამომუშავებასა და ბავშვის მოთხოვნას ერგება.

ინფექცია - ტკივილის სხვა შესაძლო მიზეზებს შორისაა კანის პრობლემები, ინფექცია, მასტიტი

ბავშვის პირის ღრუს პრობლემები - მაგალითად ენის მოკლე ლაგამი (tongue-tie).

თუ მოჭიდების გამოსწორების მიუხედავად ტკივილი გრძელდება და ემატება მკვეთრი შეშუპება, კანის გაწითლება, სიცხე ან გრიპისმაგვარი სისუსტე, საჭიროა სპეციალისტის შეფასება.

ძუძუთი კვება არ უნდა იყოს გამოცდილება, რომელსაც ტკივილის ატანით უნდა „გაუძლოთ“.