WHO-სა და CDC-ს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ახალშობილის ძუძუთი კვების ძირითადი პრინციპები, სიხშირე და უსაფრთხოების ნიშნები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • მოთხოვნით კვება (Feeding on Demand): ბავშვი უნდა გამოიკვებოს მაშინ, როდესაც შიმშილის ნიშნებს აჩვენებს და არა წინასწარ გაწერილი საათობრივი გრაფიკით. ეს ეხება როგორც დღის, ისე ღამის საათებს.
  • კლასტერული კვება (Cluster Feeding): ეს არის პერიოდი (ხშირად საღამოს საათებში), როდესაც ბავშვი ძალიან ხშირად, თითქმის გადაბმულად ითხოვს ძუძუს. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და ეხმარება დედის ორგანიზმს რძის პროდუქციის გაზრდაში.
  • ღამის კვება: ღამის კვება აუცილებელია ახალშობილისთვის, რადგან მისი კუჭის მოცულობა პატარაა. გარდა ამისა, ღამით პროლაქტინის (რძის გამომუშავებაზე პასუხისმგებელი ჰორმონის) დონე დედის ორგანიზმში უფრო მაღალია.

ჯანმრთელი, ვადაზე დაბადებული ახალშობილი, როგორც წესი, ძუძუს 24 საათში დაახლოებით 8–12-ჯერ ითხოვს. ზოგიერთ დღეს შეიძლება კვებებს შორის ინტერვალი უფრო მოკლე იყოს, ზოგჯერ კი, უფრო ხანგრძლივი. არ არსებობს ერთი კონკრეტული ციფრი, რომელიც ყველა ახალშობილს მოერგება. პირველ დღეებსა და კვირებში შეიძლება საჭირო გახდეს ბავშვის გაღვიძება კვებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის თვითონ საკმარისად ხშირად არ იღვიძებს საჭმელად.

„ყოველ 3 საათში“ — აუცილებელი წესია?

არა.

ძუძუთი კვებისას რეკომენდებულია მოთხოვნით კვება— ანუ ბავშვის კვება მაშინ, როცა ის შიმშილის ნიშნებს ავლენს, როგორც დღის, ისე ღამის განმავლობაში. WHO და UNICEF სწორედ მოთხოვნით კვებას უწევენ რეკომენდაციას.

შეიძლება ბავშვმა ყოველ საათში მოითხოვოს ძუძუ?

დიახ.

ზოგჯერ, შესაძლოა ახალშობილი, ძალიან ხშირად ითხოვდეს ძუძუს — მაგალითად, ყოველ საათში ან უფრო მცირე ინტერვალებით. ამას ხშირად კლასტერულ კვებას უწოდებენ. რაც, სრულიად ნორმალური ქცევაა და თავისთავად არ ნიშნავს, რომ თქვენ საკმარისი რძე არ გაქვთ. ხშირი წოვა ასევე ეხმარება თქვენს ორგანიზმს მიიღოს სიგნალი, რომ საჭიროა რძის გამომუშავების გაგრძელება.

იმისთვის, რომ არ დაელოდოთ ბავშვის ტირილს (რაც შიმშილის გვიანი ნიშანია), დააკვირდით ადრეულ სიგნალებს:

  • შიმშილის ნიშნები: ხელების პირთან მიტანა, თითების წოვა, ტუჩების წკლაპუნი, თავის ტრიალი ძებნის ინსტინქტით (Rooting reflex) და მოუსვენრობა.
  • დანაყრების ნიშნები: ბავშვი თავად უშვებს თავს ძუძუს, ადუნებს მუშტებსა და სხეულს, და უმეტესად ეძინება.

და მაინც, როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვი საკმარისად ჭამს?

არ არსებობს ერთი სწორი წუთობრივი ხანგრძლივობა. ზოგი კვება შეიძლება შედარებით ხანმოკლე იყოს, ზოგი — უფრო ხანგრძლივი. ბავშვის მიერ მიღებული რძის რაოდენობის შეფასება მხოლოდ იმით, რამდენი წუთი გაატარა მან ძუძუსთან, შეუძლებელია. საკმარისი კვების მთავარი ინდიკატორებია:

  • სველი საფენები: სიცოცხლის პირველ დღეებში რაოდენობა იმატებს. მე-6 დღიდან ბავშვს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 6 მკვეთრად სველი საფენი (ღია ფერის, უსუნო შარდით) 24 საათში.
  • კუჭის მოქმედება: პირველ დღეებში გამოიყოფა მუქი მეკონიუმი, ხოლო მე-5 დღიდან განავალი ხდება ყვითელი/მდოგვისფერი. დღეში მინიმუმ 3-4-ჯერ კუჭის მოქმედება კარგ მაჩვენებლად ითვლება.
  • წონა: დაბადებიდან პირველ დღეებში წონის მცირედი კლება (7-10%-მდე) ნორმაა. ბავშვმა საწყისი წონა ჩვეულებრივ 10-14 დღის ასაკისთვის უნდა აღიდგინოს და შემდგომ განაგრძოს სტაბილური მატება.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

დაუკავშირდით ბავშვის ექიმს ან ლაქტაციის სპეციალისტს, თუ:

  • ბავშვი უმეტეს დღეებში 8-ზე ნაკლებჯერ იკვებება;
  • არ გესმით ყლაპვის ხმა;
  • ბავშვს უჭირს ძუძუზე მოჭიდება ან მუდმივად სცილდება ძუძუს;
  • კვება მუდმივად ძალიან მტკივნეულია;
  • ბავშვი კვების შემდეგაც მუდმივად უკმაყოფილოა;
  • მეხუთე დღის შემდეგ წონაში კვლავ იკლებს;
  • ხუთი დღის ასაკში ძალიან ცოტა სველი ან დასვრილი საფენი აქვს;
  • განავალი რჩება მუქი (მეკონიუმისფერი) სიცოცხლის მე-5 დღის შემდეგაც.
  • ბავშვი უჩვეულოდ ძილიანია და კვებისთვის გაღვიძება უჭირს.

ეს ნიშნები ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პრობლემა აუცილებლად არსებობს, მაგრამ საჭიროებს ბავშვის კვების შეფასებას.

და გახსოვდეთ: ბავშვის კვების რიტმი პირველ დღეებსა და კვირებში შეიძლება ხშირად შეიცვალოს. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ რამეს არასწორად აკეთებთ. დააკვირდით თქვენს პატარას, მოუსმინეთ მის სიგნალებს და შეაფასეთ ბავშვის მდგომარეობა მთლიანობაში.