სამსახურში დაბრუნება არ ნიშნავს, რომ ძუძუთი კვება აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ. თუ გსურთ გაგრძელება, ეს შესაძლებელია სხვადასხვა გზით — ბავშვის ასაკის, თქვენი სამუშაო გრაფიკის, დღის განმავლობაში დაშორების ხანგრძლივობისა და თქვენი სურვილების მიხედვით. მნიშვნელოვანია, სამსახურში დაბრუნებამდე მცირე რაოდენობით რძის გამოწველა და ბავშვისთვის შეთავაზება შეიძლება სასარგებლო იყოს პრაქტიკისთვის და იმისთვის, რომ ბავშვს ახალ რეჟიმთან შეგუება გაუადვილდეს.
თუ გსურთ რძის შენარჩუნება, როდესაც რამდენიმე საათით ბავშვისგან შორს იქნებით, შეგიძლიათ სცადოთ სამსახურში გამოწველა. CDC-ის რეკომენდაციით, როცა დედა ბავშვისგან მოშორებით არის, გამოწველის სიხშირე დაახლოებით უნდა შეესაბამებოდეს იმ სიხშირეს, რა სიხშირითაც ბავშვი ჩვეულებრივ სვამს დედის რძეს. ეს ეხმარება ორგანიზმს რძის წარმოების შენარჩუნებაში. თუ რძის რაოდენობის შენარჩუნება თქვენთვის მნიშვნელოვანია, სასარგებლოა წინასწარ შეამოწმოთ, რა ინტერვალებში შეძლებთ გამოწველას.
და თუ ბავშვი ბოთლიდან არ სვამს?
ესეც შესაძლებელია. ზოგი ბავშვი ბოთლს მარტივად იღებს, ზოგი კი დედის არყოფნისას სხვა მეთოდს ანიჭებს უპირატესობას. ბავშვის ასაკისა და განვითარების შესაბამისად შესაძლებელია სხვა ჭურჭლის გამოყენებაც, მაგალითად ჭიქის. თუ ბოთლის გამოყენებას გეგმავთ, სასურველია ბავშვმა მისი მიღება სამსახურში დაბრუნებამდე მშვიდად, ეტაპობრივად სცადოს. ზოგჯერ ბოთლის შეთავაზება დედის ნაცვლად სხვა მომვლელის მიერ უფრო მარტივიც აღმოჩნდება. მთავარი ისაა, რომ ბავშვის კვების მეთოდი იყოს უსაფრთხო და მის ასაკსა და განვითარების ეტაპს შეესაბამებოდეს.
როგორ შევინახოთ გამოწველილი რძე?
თუ სამსახურში გამოწველას გეგმავთ, წინასწარ მოამზადეთ რძის შენახვის გეგმაც. გთხოვთ, რძის გამოწველის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ჰიგიენის წესებს. გახსოვდეთ, რომ საპირფარეშო არ არის ამისთვის შესაფერისი ადგილი — შეარჩიეთ სუფთა, მყუდრო და უსაფრთხო გარემო თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობისთვის.
CDC-ის მიხედვით, ახლად გამოწველილი რძე შეიძლება ინახებოდეს:
- ოთახის ტემპერატურაზე — 4 საათამდე (თუ ტემპერატურა 25°C-მდეა);
- მაცივარში — 4 დღემდე;
- საყინულეში — დაახლოებით 6 თვე საუკეთესო ხარისხისთვის, ხოლო 12 თვემდე მისაღებია.
რძე შეინახეთ სპეციალურ რძის შესანახ პაკეტში ან სუფთა, საკვებისთვის განკუთვნილ კონტეინერში და აუცილებლად მიუთითეთ გამოწველის თარიღი.
თუ ბავშვის მომვლელს უტოვებთ რძეს, წინასწარ შეთანხმდით:
- სად შეინახავენ მას;
- როგორ გაალღობენ;
- როგორ გაათბობენ;
- რა რაოდენობით შესთავაზებენ ერთ ჯერზე.
რძის მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება არ არის რეკომენდებული. სასურველია გათბეს ოთახის ტემპერატურაზე ან თბილი (არა ცხელი) წყლის ნაკადის დახმარებით.
შეიძლება თუ არა ძუძუთი კვება მხოლოდ სახლში დარჩეს?
დიახ. ზოგი დედა სამუშაო დღის განმავლობაში საერთოდ არ იწველის და ბავშვს სახლში ყოფნისას უფრო ხშირად აწოვებს. თუმცა თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია რძის რაოდენობის შენარჩუნება, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რძის გამოუწველობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მის წარმოებაზე. ამიტომ ასეთი რეჟიმის არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ როგორც თქვენი კომფორტი, ისე ბავშვის საჭიროებები და თქვენი ლაქტაციის მიზანი. თუ ძუძუ ძალიან გევსებათ, გტკივათ ან ხშირად გექმნებათ გამაგრება, შეიძლება დაგჭირდეთ რძის გამოწველა მაინც — თუნდაც მხოლოდ დისკომფორტის შესამსუბუქებლად.
შესაძლებელია, ზოგიერთ ბავშვს დედასთან დაშორების შემდეგ სახლში დაბრუნებისას უფრო ხშირად მოუნდეს ძუძუთი კვება — როგორც კვებისთვის, ისე სიახლოვისა და დამშვიდებისთვის. ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში საკმარისად არ იკვებებოდა. შესაძლოა ბავშვი უბრალოდ ცდილობდეს თქვენთან კავშირის აღდგენას ნაცნობი გზით. ამიტომ სახლში დაბრუნების შემდეგ შეგიძლიათ მისცეთ საშუალება, თქვენთან ახლოს იყოს, ითამაშოთ, ჩაეხუტოთ და თუ ორივეს გსურთ, ძუძუთიც იკვებოთ.
სამსახურში დაბრუნების შემდეგ ძუძუთი კვების გაგრძელებას მხოლოდ ერთი სწორი ფორმა არ აქვს. თქვენ შეგიძლიათ:
- გააგრძელოთ ძუძუთი კვება დილით და საღამოს;
- გამოწველოთ რძე სამსახურში;
- დატოვოთ გამოწველილი რძე ბავშვისთვის;
- გამოიყენოთ ძუძუს რძე და დამატებითი საკვები ასაკის შესაბამისად;
- შეცვალოთ თქვენი გეგმა ბავშვის ზრდასთან და თქვენი სამუშაო პირობების ცვლილებასთან ერთად.
მთავარი, ისეთი რეჟიმის პოვნაა, რომელიც ბავშვის კვებით საჭიროებებს, თქვენს ლაქტაციას, სამუშაოს და თქვენს რეალურ ცხოვრებას მოერგება.
როდის ღირს დახმარების მიღება?
მიმართეთ პედიატრს ან ლაქტაციის სპეციალისტს, თუ:
- ბავშვს აღარ აქვს საკმარისი სველი საფენები;
- წონაში არ იმატებს ან იკლებს;
- ხშირად უარს ამბობს კვებაზე;
- ძალიან მოდუნებულია ან უჩვეულოდ ძილიანია;
- გაწუხებთ, რომ რძის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა;
- გამოწველა მტკივნეულია ან გაქვთ მუდმივი გამაგრება/ტკივილი;
- სამსახურში დაბრუნების შემდეგ კვების ორგანიზება მუდმივად რთულია და გჭირდებათ ინდივიდუალური გეგმა.
თუ ბავშვი ნაადრევად დაიბადა, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა ან კვებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საჭიროება, კვების გეგმა ინდივიდუალურად უნდა შეთანხმდეს მის ექიმთან.







