როდესაც თქვენი პატარა პირველ დაბადების დღეს უახლოვდება, შესაძლოა გაოცდეთ იმით, თუ რამდენს მიაღწია. თქვენი შვილი უნიკალური პატარა პიროვნებაა, ენერგიითა და ცნობისმოყვარეობით სავსე. მას შეუძლია ემოციების ფართო სპექტრის გამოხატვა, მისი ყურადღების კონცენტრაციის უნარი იზრდება და იგი სალაპარაკოდ ემზადება. შესაძლოა, ბავშვი უკვე ამბობდეს ან იმეორებდეს პირველ სიტყვებს, ადვილად პოულობდეს დამალულ ნივთებს, უარის ნიშნად თავს აქნევდეს, თქვენთან „ხუმრობდეს“ და კუბიკებს ერთმანეთზე აწყობდეს. ზოგიერთი ბავშვი პირველ ნაბიჯებს დაახლოებით ამ დროს დგამს, ზოგს კი ცოტა მეტი დრო სჭირდება. ყველა ბავშვი ინდივიდუალური ტემპით ვითარდება და ეს სრულიად ნორმალურია.
აი, თამაშის რამდენიმე საინტერესო იდეა ამ ეტაპისთვის:
*დამალვა, პოვნა და მიხვედრა
- რომელი ჭიქა?* პატარა ბურთი ან პომპონი დაუმალეთ სამი ჩაბრუნებული ჭიქიდან ერთ-ერთის ქვეშ ისე, რომ ბავშვი გიყურებდეთ. წაახალისეთ, რომ ხელი გაიშვიროს ან თითი დაადოს სწორ ჭიქას და შეაქეთ, როდესაც იპოვის. მოგვიანებით სცადეთ ნივთის სხვა ჭიქაში გადამალვა.
- დამალული განძი. ქვიშის მოედანზე დაფარეთ მკვეთრი ფერის სათამაშო ქვიშით ისე, რომ ბავშვი გიყურებდეთ, შემდეგ კი ერთად ამოთხარეთ იგი.
- შეგრძნებების ჩანთა. ნაჭრის ჩანთაში ჩადეთ რამდენიმე უსაფრთხო ნივთი, მაგალითად: რბილი სათამაშო, ჩხარუნა, ხის კუბი და დაკუჭული გაზეთის ბურთულა. დაეხმარეთ ბავშვს ხელი ჩაყოს, ხელით შეეხოს რომელიმეს და ამოიღოს, რათა ნახოს, რა არის.
- გააკეთეთ საფოსტო ყუთი. ფეხსაცმლის ყუთის თავსახურს გაუკეთეთ ჭრილი და ნება დართეთ ბავშვს, შიგნით ძველი კონვერტები ან ბარათები ჩაყაროს. შემდეგ ერთად გახსენით ყუთი და ისევ იპოვეთ ისინი.
*მშენებლობა და შექმნა
- ააგეთ კოშკი.* შეაგროვეთ ფაფის ცარიელი ყუთები, იოგურტის ჭიქები და მსუბუქი კუბები. დაეხმარეთ ბავშვს კოშკის აგებაში, შემდეგ კი ერთად დაანგრიეთ იგი.
- სამზარეულოს ორკესტრი. გადმოაყირავეთ რამდენიმე ქვაბი, ჯამი და კონსერვის ქილა, ბავშვს კი ხის კოვზი მიეცით დასარტყამად. ტაფის ორი მსუბუქი თავსახური შესანიშნავი მუსიკალური თეფშებია. აღუწერეთ სხვადასხვა ხმა, რომელსაც გაიგონებთ.
- სათამაშო ცომი. მოამზადეთ შინაურული სათამაშო ცომი და ერთად დაჭყლიტეთ, დააწექით და მიეცით ფორმები. თუ ცხოველებს გააკეთებთ, მათი ხმებიც გამოეცით.
- ხატვა ცარცით. მიეცით ბავშვს სქელი ცარცები და დაეხმარეთ ეზოში ან ტროტუარზე ჯღაბნაში.
*ლაპარაკი და გაგება
- ისაუბრეთ.* ბავშვმა შესაძლოა თითი გაიშვიროს და საგნების დასახელება სცადოს. სანამ სიტყვას იტყოდეთ, აცადეთ, თავად სცადოს ხმის გამოცემა. თუ ჭიქაზე „ჭი“-ს ამბობს, გაუმეორეთ იმავე რიტმით: „დიახ, ჭიქა!“
- პატარა დამხმარე. სთხოვეთ რაიმე მარტივი, მაგალითად: „გთხოვ, მომეცი ჭიქა“. ბავშვს ძალიან ისიამოვნებს დახმარება.
- ბინოკლი. მუყაოს ორი მილი ფირის (სკოჩის) საშუალებით შეაერთეთ, გაიხედეთ მათში და აღწერეთ, რას ხედავთ. შემდეგ კი ნება დართეთ ბავშვსაც გაიხედოს.
*სიცილი და ფანტაზია
- სასაცილო ქუდები.* თავზე დაიდეთ საწური ან პატარა ვედრო და სასაცილო ხმით ჰკითხეთ: „მიხდება?“ აცადეთ ბავშვსაც მოიზომოს შედარებით უსაფრთხო ნივთები.
- დათვისებური ჩახუტება. მჭიდროდ ჩაეხუტეთ ბავშვს გულში და შემდეგ იღუტუნეთ, სანამ არ გაიცინებს.
- რბილი სათამაშო კუთხე სახლში. გასაბერ ცარიელ აუზში ჩაფინეთ საბანი, შეავსეთ იგი მსუბუქი პლასტმასის ბურთულებით ან დაკუჭული გაზეთებით და ნება დართეთ ბავშვს შიგნით იფართხალოს და ითამაშოს.
მშვიდი დრო ერთად
მაგიდის ქვეშ მოწყობილი მყუდრო კუთხე ზღაპრებისთვის — ბალიშებით, საბნითა და ფანრით სურათების გასანათებლად — შესანიშნავი საშუალებაა დატვირთული დილის შემდეგ დასამშვიდებლად. წიგნების პატარა კუთხე საყვარელი წიგნების კალათით საშუალებას აძლევს ბავშვს, დამოუკიდებლადაც დაათვალიეროს წიგნები.







