პირველ კვირებში თქვენი ჩვილი ყველაფერს, რაც სჭირდება, კვლავ დედის რძიდან ან ხელოვნური ნარჩევიდან (ფორმულიდან) იღებს. სხვა საკვების ადრეული დაგემოვნება უფრო სასწავლო პროცესია, ვიდრე კვებითი. ეს თქვენს პატარას ასწავლის, რომ საკვები შეიძლება კოვზიდან ან თეფშიდან მოდიოდეს. ასევე ის სწავლობს კვებას წოვის გარეშე. ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი კი სიამოვნების მიღებაა.
ასე რომ, გააგრძელეთ რძით კვება ჩვეულებრივად. მყარი კვება კი, დაიწყეთ ძალიან მცირე ოდენობით და ნება დაურთეთ პატარას, თვითონ გადაწყვიტოს, რამდენი სურს.
კარგი საკვები დასაწყისისთვის
მარტივი, ცალკეული გემოები საუკეთესო პირველი საკვებია. თითო პროდუქტის ცალ-ცალკე შეთავაზება ეხმარება ჩვილს, ერთმანეთისგან განასხვავოს სხვადასხვა გემო. რამდენიმე ცალკეული გემოს გასინჯვის შემდეგ, შეგიძლიათ ორი მათგანი ერთმანეთში შეურიოთ.
ბოსტნეული
- მწვანე ბოსტნეული, როგორიცაა ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო, შეიცავს რკინასა და სხვა მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს.
- ძირხვენა ბოსტნეული, როგორიცაა სტაფილო, გოგრა, ტკბილი კარტოფილი (ბატატი) ხშირად ბუნებრივად ტკბილი გემოსია, ხოლო ნარინჯისფერი ბოსტნეული A ვიტამინით ამარაგებს ორგანიზმს. კარტოფილი ენერგიის კარგი წყაროა და გამოდგება პიურეს გასასქელებლად.
- ბარდა და ტკბილი სიმინდი ასევე, როგორც წესი, ძალიან მოსწონთ ჩვილებს.
ხილი
- ვაშლი, მსხალი, ბანანი, ავოკადო, მანგო, გარგარი, ატამი და მოცვი.
- სხვადასხვა ფერის ხილი უზრუნველყოფს ვიტამინებისა და დამცავი ბუნებრივი ნივთიერებების ფართო სპექტრს.
- მსხალი კლასიკური პირველი საკვებია, ხოლო ბანანსა და ავოკადოს საერთოდ არ სჭირდება მომზადება — საკმარისია ჩანგლით დაჭყლეტა.
ბურღულეული
- საბავშვო ბრინჯის ფაფა ხშირად პირველი საკვებია, რომელსაც პატარას აძლევენ. ის გამდიდრებულია ვიტამინებითა და მინერალებით და შეგიძლიათ შეურიოთ თქვენი ჩვილის ჩვეულებრივ რძეს, რათა ნაცნობი გემო ჰქონდეს. ასევე შეგიძლიათ სცადოთ ფეტვის ფანტელები.
- ექვსი თვიდან ჩვილს შეუძლია მიიღოს ხორბლისა და ქერის შემცველი ბურღულეულიც. უბრალოდ, ყურადღება მიაქციეთ, რომ არ შეიცავდეს დამატებულ შაქარს ან მარილს.
რჩევა ბოსტნეულის შესახებ
პირველი ან ორი კვირის განმავლობაში შეეცადეთ, ბოსტნეული უფრო ხშირად შესთავაზოთ, ვიდრე ხილი. ეს ეხმარება ჩვილს ნაკლებად ტკბილ გემოებს შეეჩვიოს, რათა მხოლოდ ტკბილ საკვებზე არ ჩამოუყალიბდეს მიდრეკილება. არ არის საჭირო ტკბილი ხილის დამატება, როდესაც ჩვილს მწვანე ბოსტნეულს პირველად ასინჯებთ.
ექვსი თვის ასაკში რძე კვლავ საკვანძო როლს ასრულებს, თუმცა ის ვეღარ უზრუნველყოფს ჩვილისთვის საჭირო რკინისა და თუთიის სრულ ოდენობას. ამიტომ, როგორც კი პატარა პირველ გემოებს შეეჩვევა, დროა დაამატოთ ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი და პარკოსნები, როგორიცაა ოსპი. ასევე შეგიძლიათ შესთავაზოთ კვერცხი, თუ ის კარგად არის მოხარშული.
დაახლოებით შვიდი თვის ასაკისთვის თქვენს პატარას შესაძლოა უკვე გასინჯული ჰქონდეს ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული (ხორბლის ჩათვლით), პირველი ხორცი, თევზი, პარკოსნები, რძის პროდუქტები და კარგად მოხარშული კვერცხი. თუმცა ეს შეჯიბრი არ არის. ყოველი ჩვილი თავისი ტემპით ვითარდება.







