ძუძუთი კვება ბუნებრივი პროცესია, თუმცა სწორი მოჭიდება ხშირად დასწავლასა და პრაქტიკას მოითხოვს. სწორი მოჭიდება არის უნარი, რომელსაც თქვენ და თქვენი პატარა ერთად სწავლობთ. პირველივე მცდელობა იდეალური რომ არ იყოს, სრულიად ნორმალურია.

სწორი მოჭიდება უმნიშვნელოვანესია ორი მიზეზის გამო: ბავშვი იღებს საჭირო რაოდენობის რძეს და ამცირებს დედისთვის ტკივილისა და ძუძუსთავების დაზიანების რისკს.

სანამ კვებას დაიწყებთ, მოკალათდით კომფორტულად. თქვენი ზურგი და მკლავები უნდა იყოს დაყრდნობილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალიშები). ბავშვი თქვენს სხეულთან ახლოს უნდა იყოს მიყვანილი და არა პირიქით — თქვენ არ უნდა იხრებოდეთ ბავშვისკენ.

პოპულარული პოზიციებია:

  • აკვნისებური (Cradle hold): ბავშვი წევს დედის მკლავზე, მისი თავი იდაყვის მოხრილ ნაწილშია.
  • ჯვარედინი აკვნისებური (Cross-cradle hold): ბავშვს იჭერთ საპირისპირო ხელით (მაგ. თუ აჭმევთ მარჯვენა ძუძუს, იჭერთ მარცხენა ხელით თავისა და კისრის არეში), რაც უკეთესად აკონტროლებს თავის მოძრაობას.
  • რაგბის ბურთისებური (Football hold): ბავშვი მოთავსებულია თქვენი მკლავის ქვეშ (როგორც რაგბის ბურთი). იდეალურია საკეისრო კვეთის შემდგომ ან ტყუპების კვებისას.
  • გვერდზე წოლა (Side-lying): დედაც და ბავშვიც წვანან გვერდზე, სახით ერთმანეთისკენ. კომფორტულია ღამის კვების დროს.

სწორი მოჭიდების ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია

  • სხეულის სწორი პოზიცია: ბავშვი მთელი სხეულით (მუცლით) თქვენსკენ უნდა იყოს მობრუნებული. მისი ყური, მხარი და თეძო ერთ სწორ ხაზზე უნდა მდებარეობდეს (თავი არ უნდა ჰქონდეს გვერდზე გადაბრუნებული).
  • ბავშვის სწორი პოზიცია: ნიკაპი მკერდთან ახლოს ან მასზე მიბჯენილი უნდა იყოს, მაშინ როცა ცხვირი თავისუფალი რჩება. ხოლო, ბავშვის თავი და სხეული ერთ ხაზზეა
  • სტიმულაცია: დვრილით ნაზად შეეხეთ ბავშვის ზედა ტუჩს. ეს გაააქტიურებს ძებნის ინსტინქტს და ბავშვი ფართოდ (ამთქნარებივით) გააღებს პირს.
  • სწრაფი მიყვანა: როგორც კი პირს ფართოდ გააღებს, სწრაფად, მაგრამ ნაზად მიიყვანეთ ბავშვი ძუძუსთან. მოჭიდება უნდა დაიწყოს ქვედა ყბიდან, რათა ქვედა ტუჩი დვრილიდან რაც შეიძლება შორს, არეოლას (დვრილის გარშემო მუქი წრე) ქვედა ნაწილს შეეხოს. სწორი მოჭიდებისას ხშირად უფრო მეტი არეოლა ჩანს ბავშვის პირის ზემოთ, ვიდრე ქვემოთ.

ყველა დედისთვის ერთი „სწორი პოზიცია“ არ არსებობს. მთავარის, ისეთი პოზიციის პოვნა, რომელშიც თქვენც კომფორტულად ხართ და ბავშვსაც შეუძლია კარგი მოჭიდება.

იმისათვის, რომ მიხვდეთ, ბავშვი ნამდვილად ჭამს თუ არა, ყურადღება მიაქციეთ:

  • თავიდან შეიძლება რამდენიმე სწრაფი წოვა ჰქონდეს;
  • შემდეგ წოვა უფრო ნელი და ღრმა ხდება;
  • ლოყები მრგვალი რჩება და არ შედის შიგნით;
  • ბავშვს კვებისას პერიოდულად შეიძლება ჰქონდეს მცირე პაუზები, ეს ნორმალურია;
  • ეფექტური წოვის დროს ყლაპვა რეგულარულად შეინიშნება.

სწორი მოჭიდების დროს ძუძუთი კვება არ უნდა იყოს მუდმივად მტკივნეული. პირველ წამებში შესაძლოა იგრძნოთ დაჭიმულობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯერ სწავლობთ, მაგრამ ძლიერი, მწვავე ან მუდმივი ტკივილი იმის ნიშანია, რომ მოჭიდება შეიძლება დასარეგულირებელი იყოს. თუ კვების დროს ტკივილი გრძელდება, ნუ შეეცდებით უბრალოდ „გაძლებას“. შეგიძლიათ ნაზად შეწყვიტოთ მოჭიდება და თავიდან სცადოთ. (ნაზად ჩაუდეთ სუფთა ნეკა თითი პირის კუთხეში ვაკუუმის გასაფუჭებლად, მოაშორეთ ძუძუს და სცადეთ თავიდან) მოჭიდება არასწორია, თუ:

  • ბავშვი მხოლოდ ძუძუსთავს იჭერს;
  • ხშირად სცილდება ძუძუს;
  • კვების დროს ისმის წკაპუნის ხმა;
  • ბავშვის ტუჩები შიგნით არის მოკეცილი;
  • ლოყები შიგნით იწევა;
  • თქვენთვის კვება მტკივნეულია;
  • ძუძუსთავი კვების შემდეგ გაბრტყელებული ან უცნაურად შეცვლილი ფორმით გამოიყურება;
  • ძუძუსთავებზე ჩნდება ბზარები ან სისხლდენა.

ერთი ასეთი ნიშანი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემა არსებობს, თუ ეს ხშირად მეორდება, ლაქტაციის კონსულტანტის ან სხვა კვალიფიციური ჯანდაცვის პროფესიონალის დახმარება ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს.

სწორი მოჭიდება მხოლოდ ბავშვის პირში ძუძუს მოთავსება არ არის. ეს არის ბავშვის სწორი პოზიცია + ფართოდ გახსნილი პირი + ღრმა მოჭიდება + ეფექტური წოვა და ყლაპვა.

და ყველაზე მნიშვნელოვანი: ძუძუთი კვება არ უნდა იყოს მუდმივად მტკივნეული. თუ გიჭირთ, დახმარების თხოვნა სრულიად ნორმალურია. თქვენ არ გჭირდებათ ამ ყველაფრის მარტო სწავლა. ❤️